“თითქმის 20 წელია პასპორტს არ მაძლევენ” – აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის ლიდერი

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე ალი ქარიმლი სოციალური ქსელებით აქვეყნებს მიმართვას, სადაც ამბობს, რომ ალიევის ხელისუფლება, თითქმის 20 წლია მას პასპორტს არ აძლევს და შესაბამისად, ის ქვეყანას ვერ ტოვებს.
“მეგობრებო, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მოწვევა მივიღე. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი იმართება კასიმირ პულასკის ფონდის, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ფორუმი მზადდება პოლონეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მონაწილეობით. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი უზრუნველყოფს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ერთობლივი პასუხების შემუშავების მიზნით და ევროპის წამყვან უსაფრთხოების ფორუმთაგან ერთ-ერთია. იცით, რომ უკვე თითქმის 20 წელია ხელისუფლება პასპორტს არ მაძლევს და საზღვარგარეთ გამგზავრებაზე შეზღუდვა მაქვს დაწესებული. 29-30 სექტემბერს დაგეგმილ ფორუმში მონაწილეობისათვის გენერალურ პროკურატურას კიდევ ერთხელ მივმართავ და პასპორტის მისაღებად ისევ დავიწყებ მოქმედებას” – წერს ქარიმლი.
აზერბაიჯანში პარტია “სახალხო ფრონტი” [PFPA ] მთავარი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ევროკავშირში ინტეგრაციას. აზერბაიჯანის მთავრობა რეპრესიებს ახორციელებს PFPA-ს წინააღმდეგ. PFPA-ს 50-მდე აქტივისტი ამჟამად პოლიტპატიმრის სტატუსით ცხოვრობს.
2005 წლიდან ალი ქარიმლის აეკრძალა საზღვარგარეთ გამგზავრება და უარი ეთქვა პასპორტზე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს აკრძალვა უკანონოდ ცნო. ასევე უკანონოდ იზღუდება მისი შიდა კომუნიკაციები ქვეყნის შიგნით.