ბათუმის ბულვარში საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკეიტ პარკი მოეწყობა

ბათუმში, ახალი საერთაშორისო დონის სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკეიტბორდისთვის განკუთვნილი ელემენტების, ფამფტრეკების, დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, ადაპტირებული საპირფარეშოსა და განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა.
ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა. გარდა ამისა, ხორციელდება მოედნის საფარისთვის გრუნტის მოწყობის სამუშაოები.
დღეს, სკეიტმოედანზე მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ს მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ ბათუმის ბულვარის დირექტორთან ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერეს. ლაშა მიქელაძემ, ხაზი გაუსვა სპორტული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობას. მისი განცხადებით, გაზაფხულზე რეგიონს სკეიტ პარკის სახით ერთ-ერთი მასშტაბური, საერთაშორისო ლიცენზიის მქონე სივრცე შეემატება, რომელიც სპორტული ცხოვრების გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
ახალი პროექტი „ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის“ მიხედვით და სკეიტის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. იგი, თავისი ფუნქციური დატვირთვით გათვლილი იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულთათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევს პოპულარიზაციას.
მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი და ახალგაზრდების ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება, რომელიც გახდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარებისთვის საუკეთესო ადგილი.
აღნიშნულ პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აწარმოებს, რომლის ბიუჯეტი 3 165 138 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ