საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „თიბისი“, მისი ხელმძღვანელები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდში საქართველოს მთავრობის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების/ორგანოების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, საკუთრების უფლებების აღდგენის მიმართულებით სამუშაოები კვლავაც გაგრძელდეს.
დასკვნის თანახმად, 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული „არაჯანსაღი მართვის მოდელი“ კორუმპირებული იყო და მთელი მმართველობის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანს ბიზნესის და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესის და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა.
„სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად დანაწილებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვა.
ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ. ამასთან, გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა.
არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ. შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა.
ბიზნესისა და სხვა კერძო პირებისთვის ძალისმიერი ან სხვა უკანონო მეთოდებით წართმეული ქონება ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცეოდა ან გამოიყენებოდა პარტიული მიზნებისათვის ან კიდევ ხმარდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციულ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას.
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, გარდა კერძო პირებისთვის წართმეული ქონების მითვისებისა, მიმართავდნენ დიდძალი სახელმწიფო ქონების განკარგვის მეთოდსაც, მათ შორის, პირად საკუთრებაში გადაცემის ფორმით.
საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „თიბისი“, მისი ხელმძღვანელები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის განმავლობაში, ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით კომისიას რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მომართა. ამ განცხადებათა ოდენობა და შინაარსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული ტერორის მასშტაბს და ამასთანავე, იმასაც, რომ მოცემული მიმართულებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.
მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდში საქართველოს მთავრობის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების/ორგანოების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რომ საკუთრების უფლებების აღდგენის მიმართულებით, სამუშაოები კვლავაც გაგრძელდეს.
სწორედ ამ მიზნით, 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე, საგამოძიებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მის წინაშე განსახილველად წარმოდგენილი განცხადებები წინამდებარე დასკვნის განუყოფელ ნაწილად ჩაითვალა, რაც საქართველოს პარლამენტს საშუალებას მისცემს, საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მიუხედავად, განცხადებებზე მუშაობა გააგრძელოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში“, – ვკითხილობთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
