ევროკავშირმა საქართველოს წევრობა შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისაღებ ოთახში შემოგიპატიჟეთ ერთად საცხოვრებლად – ზოგჯერ ახალგაზრდა ქართველები მეკითხებიან, ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული სიამაყე? არა, ოდნავადაც არა, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი, „ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისთვის“ ჩაწერილ ვიდეოში საუბრობს.
როგორც ფიშერმა აღნიშნა, ქართველებს აქვთ მოწვევა და შესაძლებლობა შეუერთდნენ მშვიდობის დემოკრატიის და კეთილდღეობის სივრცეს, თუმცა „საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება“.
„საქართველოს და გერმანიას, საქართველოს და ევროკავშირს ერთად დიდი გეგმები გვაქვს. ევროკავშირმა საქართველოს წევრობა შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისაღებ ოთახში შემოგიპატიჟეთ ერთად საცხოვრებლად. ევროკავშირი ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მშვიდობისა და ჩვენი კეთილდღეობის საფუძველია.
ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რა არის ევროკავშირი. ბოლოს და ბოლოს ამდენი ადამიანი სტუმრობს ევროკავშირს, სტუმრობს ჩვენს წევრ სახელმწიფოებს. ბევრი ცხოვრობს ჩვენს ქვეყნებში. ბევრი ემიგრირდება ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ ძველი ისტორიული კავშირი გვაქვს და ქართველებს აქვთ მოწვევა, ვფიქრობ, შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ მშვიდობის დემოკრატიის და კეთილდღეობის ამ სივრცეს.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება.
ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირში ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლება. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ჩვენ გვესტუმრონ მაშინ, როცა სურთ როგორც სასურველი სტუმრები და მეგობრები. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტია. მე ეს ვთქვი, მაგრამ ასევე დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებების, დისკრიმინაციის აკრძალვის, კანონის უზენაესობის. ეს ყველაფერი ძირითადი ელემენტებია.
ჩვენ 27 წევრი სახელმწიფო ვართ. ჩვენ უკიდურესად მრავალფეროვნები ვართ. ევროკავშირში არავის უწევს თავისი კულტურის, ღირებულებების და ტრადიციების დათმობა. თუ მხოლოდ ევროკავშირის ხალხზე დაფიქრდებით, თუ ავიღებთ ვინმეს მალტიდან, ლატვიიდან, დანიიდან ან ბულგარეთიდან, ჩვენ ყველას გვაქვს ევროკავშირის მოქალაქეობა, მაგრამ ყველას განსხვავებული ტრადიციები და წარმომავლობა.
ზოგჯერ ახალგაზრდა ქართველები მეკითხებიან, ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული სიამაყე? არა, ოდნავადაც არა. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ტრადიცია. თავისი რელიგია. თქვენ იცით, ევროკავშირში ჩვენ გვაქვს რელიგია. ბოლოს და ბოლოს, მაგალითია, პაპი, ევროკავშირის შუაგულში ცხოვრობს და ჩვენ გვყავს მრავალი, მრავალი ქრისტიანი, კათოლიკე, პროტესტანტი, სხვა კონფესიების წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს რელიგიის თავისუფლება. და ამიტომ, ერთად გავაგრძელოთ ეს გზა. ეს არის ჩემი სურვილი და მოწოდება, რომ დავუბრუნდეთ იმას, რაც 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. 2024 წლის დასაწყისიდან, ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირს შორდება. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა თქვენი წევრობა. ჩვენ გვინდა, რომ გქონდეთ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ჩვენი მეგობრობა, სწორედ ეს არის ევროპის არსი“,-აღნიშნავს ელჩი.




