ლევან მახაშვილი – მნიშვნელოვანია, დროულად ვიცოდეთ -ის პრეზიდენტის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ საქართველომაც დროულად გამოიტანოს დასკვნები და დროულად მიიღოს თავისი გადაწყვეტილებებიც

ვნახეთ, როგორ დადგა საქართველო ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე გასული თვეების განმავლობაში. ამას თან ახლავს ახალი შესაძლებლობებიც, რომლებიც ასევე, გაჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო. ამიტომაა მნიშვნელოვანი დროულად ვიცოდეთ ტრამპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით – რაც მალე და დროულად გვეცოდინება, მით უფრო ნაკლებად შეძლებენ მავანნი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპის პოზიციის ცოდნა საქართველოსთან დაკავშირებით ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც დროულად გამოიტანოს თავისი დასკვნები და დროულად მიიღოს თავისი გადაწყვეტილებებიც.
„ჩვენ ვცხოვრობთ ცვლილებების ეპოქაში და დიდია ცდუნება, რომ პირველივე შესაძლებლობისას გადავხტეთ ამ ცვლილებების მორევში. ჩვენი კრიტიკოსებისგან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ხან მარცხნივ წადით, ხან მარჯვნივ წადით, ისიც ნახეთ, ესეც სცადეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრი რამ იცვლება, იმპერიები იკვრება და ემხობა, მაგრამ არასდროს იცვლება ერთი ძირითადი პრინციპი – ეროვნული ინტერესები და მათი დაცვა. ვინც საკუთარ ინტერესებზე იზრუნა, დღემდე შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, ვინც სხვის ინტერესებს გადაჰყვა, შეიძლება მათი სახელი დღეს ისტორიის წიგნებშიც ვერ მოვძებნოთ. სწორედ ეს არის ის მთავარი პრინციპი და ორიენტირი, რის საფუძველზეც დღეს ვდგამთ ჩვენს ნაბიჯებს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში. ეს არის და იქნება ჩვენი მთავარი ორიენტირი მათთვისაც, ვისაც ვერ გაუგია ან არ იგებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ სვლებს. ჩვენ ვიცით მეგობრების ფასი, პატივს ვცემთ და მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს, სადაც და როგორც შეგვიძლია. მაგრამ ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესები. ასეთი სწორი პოლიტიკა ჩვენს მოსახლეობას ომისგან ამოსუნთქვის, წელში გამართვის, შიგნიდან გამაგრების და გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს. ქვეყანა კი, რომელიც შიგნითაც ძლიერი და მტკიცეა, ანგარიშგასაწევი და პატივსაცემი ძალაა გარეთაც.
ზაფხულის დასაწყისში მსოფლიო ცვლილებები უკვე აშკარად ჩანდა, მაგრამ გასული 3 თვის განმავლობაში ყველაფერი ერთი-ორად დაჩქარდა. ამ ცვლილებებს თან ახლავს ახალი გამოწვევებიც. ვნახეთ როგორ დადგა საქართველო ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე გასული თვეების განმავლობაში. ამას თან ახლავს ახალი შესაძლებლობებიც, რომლებიც ასევე, გაჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დროულად ვიცოდეთ -ის პრეზიდენტის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ საქართველომაც დროულად გამოიტანოს თავისი დასკვნები და დროულად მიიღოს თავისი გადაწყვეტილებებიც. რაც მალე და დროულად გვეცოდინება ეს პოზიცია, რაც უფრო მალე გაირკვევა ეს ბუნდოვანება, მით უფრო ნაკლებად შეძლებენ მავანნი საქართველოს ინტერესების დაზიანებას, ხან ვითომ მეგობრობაზე აქცენტით, ხან ვითომ ხალხზე ზრუნვის საფარქვეშ“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება