გიორგი გახარია კლასიკური მაგალითია, ხელოვნურად შექმნილი მაჩოდან, როგორ შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდე ერთი ჩვეულებრივი მოღალატე – გახარიას გაგდებულის განცდა აქვს და ეს ტრავმა ვერ მოიშორა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადება შეაფასა იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, „გიორგი გახარიამ 3 წელიც ვერ გაძლო ოპოზიციაში ისე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ადგილი არ ათამაშოს“.
„გახარია კლასიკური მაგალითია, ხელოვნურად შექმნილი მაჩოდან, როგორც ამას გვიხატავდა „ქართული ოცნება“, როგორ შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდე ერთი ჩვეულებრივი მოღალატე, რომელიც გაიქცა გერმანიაში და იქიდან ცდილობს, ჭკუა ასწავლოს აქ დარჩენილ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ფასად, რათა ეს რეჟიმი დაამარცხონ.
მე გახარიასგან სხვა მოლოდინი არ მქონია. 13 წელია ოპოზიციაში ვართ და უბედურება გავიარეთ. გახარიამ 3 წელი ვერ გაძლო ოპოზიციაში ისე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ადგილი არ ათამაშოს. რასაც ახლა ის აკეთებს, არის „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ადგილის თამაში. ეუბნება, შენ პრობლემა გაქვს პარლამენტის ლეგიტიმაციის, მე კი შემიძლია ახლა ეგ ლეგიტიმაცია „გაგიპრავო“ იმით, რომ შენ ცოტა შემამსუბუქო, რომ პარტია არ დამეშალოს. ეუბნება, რომ მე შემიძლია გევაჭრო.
გახარიას გაგდებულის განცდა აქვს და ეს ტრავმა ვერ მოიშორა, ვერ გადახარშა, რომ ივანიშვილმა კობახიძე და ღარიბაშვილი ანაცვალა მაშინ ამის თავი. ეს გაგდებულის განცდით იმდენად ტრავმირებულია, რომ მუდმივად იმის პროცესშია, რომ ივანიშვილს ანახოს, აი, რომ გამაგდე, ამით რაღაც დაგაკლდა.
მან იცის, რომ საზღვარგარეთ ყოფნა და აქედან გაქცევა, პრობლემას უქმნის, მათ შორის, მისი პარტიის წევრებს. მორალურად არ არის პატარა ამბავი. მისი პარტია დაშლის პირას არის და როგორ უნდა შეინარჩუნოს ეს პარტია? პარტია უნდა შეინარჩუნოს ფულით, დაფინანსებით, რაც პარლამენტიდან სჭირდება, იმით, რომ ვიღაც პარლამენტში შეიყვანოს, ვიღაც კი საკრებულოში, თან ივანიშვილს ანახოს, აი ეს შემიძლია.
[თუ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში შევლენ], ზუსტად იგივე გზას გაივლიან, რასაც „ქართული ოცნება“, ან კიდევ უფრო უარესს. თითოეულ ადამიანს, აუცილებლად მე თვითონ ჩამოვაცვამ ნაგვის ურნას თავზე, სადაც არ უნდა ვნახო, ამაში იყვნენ დარწმუნებულები. ეს ღალატი არავის ეპატიება“, – განაცხადა წითლიძემ.
მისივე თქმით, „ლელომაც“, როგორც გახარიას პარტნიორმა პარტიამ, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და განმარტოს, ეთანხმება თუ არა გახარიას, რომ საპარლამენტო მანდატების დატოვება შეცდომა იყო.
„გახარიაზე არ არის მარტო, „ლელოზეც“ არის საუბარი. „ლელოს“ მოუწევს, კითხვებს პასუხი გასცეს. ისინი ხომ ოფიციალური პარტნიორები არიან?! გახარიას განცხადება, „ლელოს“ პასუხისმგებლობაცაა. უნდა გამობრძანდეს კუპრაძე, თბილისის ვითომ გამოგლეჯაზე რომ არის და უნდა თქვას, ეთანხმება თუ არა იმ განცხადებებს, რაც გახარიამ გააკეთა გუშინ საპარლამენტო მანდატებზე. გახარიას ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა არის „ლელოზეც“. გახარიამ რაც „ანაკლიის პორტის“ პროექტზე დააკლო ხაზარაძეს, ახლა შეუსრულებს, ბოლომდე რომ „გამოწველის“ ყველა ფულს რომ დასცინცლავს, შემდეგ პოლიტიკურ სამარეში რომ ჩაიყოლებს თავისთან ერთად“, – აღნიშნა წითლიძემ.
გარდა აღნიშნული თემისა, მან თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევოლუცია აუცილებელია და „2 საათი უნდა მოღალატე რეჟიმის ჩამოშლას“.
„ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო პირველი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არ მომხდარიყო რაღაც დიდი გაერთიანება. გუშინ გახარიას განცხადებამ და ამ პროცესებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მიზეზებით, ზოგჯერ გარიგებით, შიშით და ასე შემდეგ, „ქართული ოცნება“ მაშველ რგოლს პოულობს ოპოზიციის შიგნით. ერთადერთი ძალა, რომელიც 13 წელი ვერ გატეხა, ვერ შეაშინა და იყიდა არის „ნაციონალური მოძრაობა“.
მეორე: ივანიშვილი არის ოლიგარქი და დიქტატორი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორია დიქტატორების ბოლო. არანაირი არჩევნების არ ეშინია, მას ეშინია რევოლუციის. 13 წელი ცდილობდა საქართველოს მოქალაქეები ამით დაეკომპლექსებინა. საქართველოში დაკომპლექსებული პოლიტიკოსები იყვნენ, მოქალაქეები კი არა. სიტყვა რევოლუციას ვერ ათქმევინებდი და დამხობას. 2003 წელს, „ვარდების რევოლუცია“, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო, ძალიან მშვიდად მოხდა და წყნარად. ერთი ადამიანი არ დაშავებულა. მსოფლიო ისტორიაში არის მსგავსი ტიპის პრეცედენტები.
რუსული რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს ციხეში. მე არ მგონია „ქართულ ოცნებას“ ისე აქვს საქმე, რომ ვიღაცის დაჭერაზე იფიქროს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ ეშინიათ 4 ოქტომბრის. ამიტომ არის ჩვენთვის 4 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვამბობთ, კი, შესაძლებელია რევოლუცია. შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. სხვანაირად ამათ ვერ მოვიშორებთ. ამ რუსულ რეჟიმს სხვანაირად ვერ მოვიშორებთ. ამ მშვიდობიანი რევოლუციის დაორგანიზება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე შესაძლებელია. 2 საათი უნდა ამ მოღალატე რეჟიმის ჩამოშლას. 2000 სპეცრაზმელი ჰყავთ და 300-200 „მორბენალი“. თუ ერთს დაიჭერენ, ანა წითლიძეს, იქნება 10 და 20 ანა წითლიძე, რომელიც ამ ბრძოლას გააგრძელებს 4 ოქტომბერს და დაასრულებს.
ბევრი თარიღი ჩამოკიდებულა, ბევრ თარიღს იმედგაცრუება გამოუწვევია საქართველოს მოქალაქეებში. 4 ოქტომბერი არ არის ლევან ხაბეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული. 4 ოქტომბერი არის პაატა ბურჭულაძის და „რუსთაველის გამზირის“ დაანონსებული. ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფერს მხარს უჭერს. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა იმ დღეს რეჟიმის დამარცხებას. მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მხოლოდ ბრძოლით.
2000 სპეცრაზმელს და 200 „მორბენალს“, კუნთმაგარსა და გონებაჩლუნგს, 50 ათასი, 100 ათასი და 200 ათასი მებრძოლი აუცილებლად მოერევა. ამის მთავარი ამოცანაა ის, რომ როდესაც ვნახულობთ, რომ ადამიანს სპეცრაზმი თავს ესხმის, გაქვს თავდაცვის უფლება, თავი არ აცემინო, გვერდით მდგომი არ დააჭერინო, გულხელ დაკრეფილი არ უნდა უყურო თუ მიჰყავთ, წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. ამის კონსტიტუციური უფლება გვაქვს, ამის პირობებში არის შესაძლებელი 2 საათში ამ რეჟიმის ჩამოშლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს გააცნობიერონ მოქალაქეებმა. 4 ოქტომბერს ვიქნებით მათთან ერთად, მშვიდობიანად ვიბრძოლებთ, რათა ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ.
პარტიის არამხოლოდ თითოეული წევრი, პოლიტიკური საბჭო, პარტიის ამომრჩეველი სრულად უჭერს მხარს 4 ოქტომბერს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლიდან იცოდა, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებით და პეროთი არ წავიდოდა, არ დათმობდა ხელისუფლებას“, – აღნიშნა წითლიძემ.
გარდა აღნიშნული თემებისა, ანა წითლიძემ ის ფაქტიც შეაფასა, რომ მოსამართლემ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანტონ ჩეჩენს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისთვის მისჯილი ეს წლები, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს.
„ჩეჩენის საქმე განსაკუთრებულია იმითაც, რომ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. მოსამართლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ჰუმანური იყოს, ჰუმანიზმზე დაფუძნებული განაჩენი უნდა მიიღოს. ჯვებე ნაჭყებიამ, რომელმაც ეს განაჩენი გამოიტანა, იცის, რომ ამ ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის მისჯილი ეს წლები, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს. ამით საჩუქარი გაუკეთეს პუტინსაც. ანტონ ჩეჩენი ის ადამიანია, რომელიც რუსეთში პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და მას გამოექცა აქ, საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს ამ სასამართლომ, არცერთ პოლიტიკურ პატიმარს არ მოუწევს ციხეში ყოფნა და ამ უსამართლო წლების მოხდა.
ჩვენ იმ მოცემულობაში ვცხოვრობთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. ერთადერთი ადეკვატური განაჩენი უნდა დადგეს, არცერთი ეს ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში. თუ გავიხსენებთ კობახიძის განცხადებას, მან თავის დროზე თქვა, რომ ამ ადამიანების დაკავება პრევენციული ხასიათის იყოო. ეს რეალურად ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ასე გადაწყვიტა რეჟიმმა, რათა ადამიანები დააშინოს. ასე ტყვეობაში უნდა ჰყავდეთ. „კლანის“ წევრებს, მონებს, რომლებსაც ხელფას უხდიან და მილიონობით შემოსავალი აქვთ მოპარული, ამ განაჩენს ასრულებინებენ“, – აღნიშნა წითლიძემ.
