“ამ სასამართლოშიც კი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის წარმოუდგენელია გამამტყუნებელი განაჩენი” – ამის შესახებ სინდისის პატიმრის ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კვიჟინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქმეს იურიდიული კუთხით შევხედავთ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი უნდა გვქონდეს. თუმცა კახა კვიჟინაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი, როგორც მოქალაქის გადმოსახედიდან, სინდისის პატიმრების საქმეები სისტემის მესიჯია – “რომ იცით რა თქვენ შეიძლება მე იურიდიულად დანაშაული ვერ დაგიმტკიცო, მაგრამ მაინც ჩაგსვამ ციხეში, ამიტომ გაჩუმდით”.
თუ წმინდა იურიდიული კუთხით შევხედავთ, მოლოდინი უნდა იყოს ერთადერთი, ეს არის გამამართლებელი. რატომ? – იმიტომ, რომ ამ საქმეში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ ადამიანის დანაშაულს.
[…]
მე როგორც იურისტს, მოლოდინი უნდა მქონდეს, რომ ასეთ მოცემულობაში, ამ სასამართლოშიც კი ჩემთვის წარმოუდგენელია გამამტყუნებელი განაჩენი.
მეორეს მხრივ ვიცით რა რეალობაშიც ვცხოვრობთ, ეს საქმეები, ჩემთვის უკვე როგორც მოქალაქეობრივად და ამ ქვეყნის მიმდინარე მოვლენებს რომ ვაკვირდები, ჩემთვის ეს საქმეები არის სისტემის მესიჯი, როგორც ამ ბრალდებულებისთვის, ისევე აქციაზე ადრე მყოფი ან მომავალში წასვლის მსურველი ადამიანებისთვის, რომ იცით რა თქვენ შეიძლება მე იურიდიულად დანაშაული ვერ დაგიმტკიცო, მაგრამ მაინც ჩაგსვამ ციხეში, ამიტომ ფრთხილად იყავი, გაჩუმდი, პირში წყალი ჩაიგუბე, აქციაზე ნუ გამოხვალ,” – განაცხადა კახა კვიჟინაძემ.
ცნობისთვის, სინდისის 8 პატიმრის საქმეზე განაჩენი ხვალ, 2 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება.