გრემისხევთან დავაფიქსირეთ ახალი საბრძოლო სანგარსავალის მოწყობის პროცესი | ქაცარავა ოკუპანტებზე

რუსული საოკუპაციო ძალები საგუშაგოების მოწყობას აგრძელებენ. “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, სალბიერი/გრემისხევთან მდებარე საგუშაგოსთან დაიწყო საბრძოლო სანგარსავალის გათხრა.
მისივე თქმით, აღნიშნული სანგარსავალის მოწყობის პროცესი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ქაცარავა ისევ იმეორებს, რომ 2023 წლის მარტიდან ოკუპანტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოების კეთილმოწყობა-განვითარების კუთხით.
“ანტისაოკუპაციო მოძრაობა” ამბობს, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ამავე სალბიერთან ოკუპანტებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს.
“მცხეთა მთიანეთის რეგიონი, სოფელი გრემისხევის თავზე, სადაც საოკუპაციო რეჟიმს მოწყობილი აქვს მუდმივმოქმედი დიდი საგუშაგო, ე.წ. წინ წაწეული ოპერატიული ბაზა, იქ დავაფიქსირეთ ახალი საბრძოლო სანგარ-სავალის მოწყობის პროცესი. ეს წარმოადგენს გარკვეული ტიპის მზადებას, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ისინი პრაგმატულ პოლიტიკას ეწევიან”, – ამბობს ქაცარავა.