იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორისთვის დაკისრებული თანხა საქართველოს ბიუჯეტში უკვე ასახულია.
მისი შეფასებით, გადახდის მყისიერად განხორციელება ნათლად აჩვენებს, რომ „მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ანაკლიის პროექტის ვერ განხორციელება სახელმწიფოს ბრალი არ იყო“.
„დაკისრებული თანხის გადახდა ადასტურებს, რომ ეთანხმებიან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, ანუ იმას, რომ მთლიანად ანაკლიის პროექტის ვერ განხორციელება იყო მათი ბრალეულობა და სახელმწიფოს მათთვის ხელი არ შეუშლია. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მართალია, ის, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ მექანიზმს იყენებს, ის აუცილებლად გაასაჩივრებდა და ბოლომდე შეეცდებოდა საკუთარი სიმართლის დაცვას, მაგრამ მყისიერად ამ გადაწყვეტილების შესრულება ადასტურებს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ამ საქმეში სახელმწიფო იყო მართალი. უბრალოდ, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით გამოიყენეს ეს საქმეები. ორ სხვადასხვა არბიტრაჟში შეიტანეს საქმე და ნიშანდობლივია, რომ გასულ წელს, როდესაც პარიზის არბიტრაჟმა მიიღო ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, მაშინაც არ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება და ერთობლიობაში ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მათ ეს საქმეები სჭირდებოდათ პოლიტიკური ნიშნით,“ – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველა ნაბიჯი იყო მიმართული ხარჯების დაზოგვისკენ, თუმცა მეორე მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა სახელმწიფოსთვის ფინანსური ზარალის მიყენებას.
„ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფოს ედავები 4 მილიარდზე მეტი ზიანის ანაზღაურებას, სახელმწიფო ვალდებულია, თავი დაიცვას და ამისთვის შესაბამისი ხარჯები გასწიოს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის რამდენიმე ათეული მილიონი, რომელიც სახელმწიფოს დასჭირდა ამ დავის საწარმოებლად, მათ კისერზეა, რადგან ჩვენ დავის პროცესში ბევრი შეთავაზება გავუკეთეთ, რათა ეს ხარჯები ყველასთვის დაზოგილი ყოფილიყო. შევთავაზეთ, რომ მხოლოდ ერთ არბიტრაჟში წარმოებულიყო დავა, მაგრამ მათ უნდოდათ პარალელურად ამ დავების წარმოება და ესეც ძალიან მკაფიოა, რა იყო მათი მიზანი – მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის. თითქოს ახლა, როდესაც ყველაფერი წააგეს, ისღა დარჩენიათ, რომ მიუთითონ ნიშნის მოგებით: აი, რაღაც თანხა ხომ მაინც დაგახარჯვინეთ ბიუჯეტიდან. ერთობლიობაში, რადგან მათ ეს ორი დავა ვაშინგტონის და პარიზის არბიტრაჟში პარალელურად დაიწყეს, მთლიანი ხარჯი, 63 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს,“ – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.




