სახიფათო მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში – არსებული ინფორმაციით, ღვერკსა და ხემაღალში პროცესები საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება.
ასევე ადგილობრივები ამბობნ, რომ მდინარე “ყარნება” გუბდება, არ უერთდება მდინარე ჩხერიმელას და წლის დაგუბების საფრთხე რეალური ხდება, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს.
მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში უკვე რამდენიმე თვეა რაც მიდის. მიწა დასერიალია, ჩნდება ახალი ნაპრალები, ხალხი შეშინებულია და უკვე თვეებია დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები ტვ პირველთან ამბობენ, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას საავტომობილო გზასაც და შესაძლოა პროცესები ისე წარიმართოს, რომ “შოვზე უარესი ტრაგედია მოხდეს”
“სამ ადგილას ჩადიოდა ეს მეწყრული ქვა-ღორღი გაუჩერებლად და ამ სამი ადგილიდან პირველი ადგილი დაკეტა, დიდი მიწა მოწყდა და დაკეტა პირველი ადგილი, ანუ თავი. პლუს თან გუბდება ეს წყალი და ასველებს გვერდებსაც თავისთავად. გარემოსდაცვამ ჩამოიყვანა ტექნიკა და გაწმინდეს წინა მხარე. იმიტომ, რომ ეს მდინარე გადის პირდაპირ რკინიგზის ხიდის ქვეშ, გაუთავისუფლეს წინ კალაპოტი და ამოუღრმავეს რკინიგზის ხიდის ქვეშ კალაპოტი, მაგრამ რამდენად გაატარეს ეს კალაპოტი ამხელა დაგროვილ მასას, თუ მოწყდა და წამოვიდა, ვერ გეტყვით რა. შეიძლება, შოვზე უარესი იყოს. წუთში და ორ წუთში ერთხელ ქვები ცვივა და მიწა და მოაქვს ხეებიც და ეს მასაც მოდის. მეწყერს ზოლს ზევით მცხოვრები ხალხი მაინც რჩებიან, იმიტომ, რომ უთხრეს გეოლოგებმა, საიმედოა და შეგიძლიათ იცხოვროთო. გაუკეთეს მეორე მხრიდან გზა და იქიდან დადიან”- აცხადებს ადგილობრივი