50-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს, რომელთა ანგარიშებიც დააყადაღეს

50-ზე მეტი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს იმ შვიდი ორგანიზაციიდან, რომელთა საბანკო ანგარიშებს „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში დაადეს ყადაღა.
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ს ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა“, – აცხადებენ ისინი.
ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც „ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის“.
„ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა“, – წერენ ორგანიზაციები.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:
· „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ;
· მათი საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა.
· არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე“.