კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, 12-მდე გაიზარდა ს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ტელეგრამზე გამოქვეყნებული მისი ცნობის თანახმად, დაღუპულებს შორის ორი მოზარდია – 17 და 14 წლის.
თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა რვა, მოგვიანებით კი ათი დაღუპულის თაობაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქები 629 რაკეტითა და დრონით დაბომბა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ 28 აგვისტოს ღამით კიევზე ს საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანდა ევროკავშირის მისიის შენობაც.
“ევროკავშირის წარმომადგენლობამ სერიოზული დაზიანება მიიღო აფეთქების ტალღის შედეგად, ეს სამშვიდობო ძალისხმევაზე მოსკოვის პასუხია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩმა კიევში კატერინა მეტანოვამ.
28 აგვისტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი:
“როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიმავალ გზას ეძებს, რუსეთი ამას რაკეტებით პასუხობს. ღამით კიევზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარგანზრახულ არჩევანს წარმოადგენს, ესკალაციისა და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვის მიზნით“, – დაწერა კალასმა X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კიევის დაბომბვას, რომლის დროსაც დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაც.
„რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების კიდევ ერთი ღამე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაატყდა თავს და უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა. ასევე, კიევში ევროკავშირის ჩვენს დელეგაციას დაესხა თავს. ჩვენი დელეგაციის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩეველი თავდასხმები და შეუერთდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს“, – დაწერა ურზულა ფონ დერ ლაიენმა
დარტყმის ტალღით დაზიანდა კიევში რადიო თავისუფლების ოფისიც.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული თავდასხმის შედეგები რეგისტრირებულია 20-ზე მეტ ადგილას – დარნიცის, დნეპრის, სოლომიანსკის, შევჩენკოვსკის, ჰოლოსიევსკის, ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში.
მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელ შენობები დნეპრისა და დარნიცის რაიონებში.
რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს