რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტი თორნიკე თოშხუა დაკავების დღიდან შიმშილობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თორნიკე თოშხუას ადვოკატი ომარ ფურცელაძე ავრცელებს.
„თორნიკე თვლის, რომ ის და მინიდა შერვაშიძე უკანონო პატიმრები არიან. აცხადებს პროტესტს და სამწუხაროდ, პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა აირჩია. მას დაკავებიდან არ მიუღია საკვები. ამ ინფორმაციის საჯარო გაჟღერებისგან თავს ვიკავებდით კვირაზე მეტია. ოჯახთან ერთად ვცდილობდით მის გადარწმუნებას. მას შემდეგ, რაც ყველა რესურსი ამოვწურეთ, თორნიკეს თხოვნით და ოჯახთან შეთანხმებით, ვაქვეყნებ მის საჯარო წერილს“, — წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღკვეთის ღონისძიების სახით, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მათ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ „ამჟამად გამოძიებისთვის დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად”, მათ ფიზიკური ზიანი მიაყენეს ბექა გოცირიძეს. ბექა გოცირიძე, დაცვის მხარის თქმით, წინასწარ ამზადებდა პროვოკაციულ ქმედებას და როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული მისი ვიდეოებით ირკვევა, ბევრად ადრე გეგმავდა აქციის მონაწილეებზე თავდასხმას. 31 ივლისის ღამეს ის რუსთაველის გამზირზე მივიდა შეიარაღებული „საკმაოდ მოცულობითი“ დანით, ჯერ იგინებოდა ზოგადად აქციის მონაწილეების მისამართით, შემდეგ კი მივიდა კონკრეტულ ქალებთან და პირადად მიაყენა მათ შეურაცხყოფა. ბრალდებულები მასთან მივიდნენ და ჰკითხეს, რატომ იგინებოდა, რის შემდეგაც ის თავს დაესხა როგორც თოშხუასა და შერვაშიძეს, ისე აქციის კიდევ ერთ მონაწილეს – გაიოზ კალანდაძეს. დაპირისპირების დროს გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა საპატრულო ეკიპაჟს ჩააბარეს. თუმცა პროკურორი ნინო ჟვანია ამტკიცებს, რომ დანა საქმეში ფიზიკურად არ არსებობს.
თორნიკე თოშხუას წერილს ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ.
გამარჯვება რუსთაველის საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს და ამ ბრძოლის გულშემატკივრებს.
მუდმივად მაოცებდა ციხეში მყოფი ჩვენიანების შემართება, შეუპოვრობა და სიმტკიცე. აქ ვეფხია და ონისე გავიცანი და ყველაფერი ცხადია — ამ ბიჭების ნება თავისუფლებისადმი მხოლოდ სიტყვებად და სურვილებად არ რჩება. აქაც კი მათი ყოველი მოქმედება გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.
ბოლომდე — ნიშნავს ბოლომდეს! ეს ბრძოლა ქუჩაშია მოსაგები, საარჩევნო ბიულეტენების თვლით რეჟიმები არ მარცხდებიან.
როდესაც დასაკავებლად მომაკითხეს, დავრწმუნდი, რომ სისტემა აპირებდა პრევენციულად დაეცვა თავისი ვირთხა, სხვა მსგავსი ვირთხებისთვის იმუნიტეტის მოსაპოვებლად. პასუხად ჩემი თავდაცვითი ინსტინქტი იყო ავტომატურად შიმშილობის დაწყება და პროტესტის ამ ფორმიდან დაკვირვება მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. მე-12 დღეა, მხოლოდ წყალს ვიღებ.
თითქოს, რაღაც ახალი ტიპის პანდემიაა ქვეყანაში: ის „ქართველი ვაჟკაცები“, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით იბრალებენ, რომ სწორედ ისინი არიან ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დამცველები, უეცრად აცხადებენ, რომ „ტკივილი განიცადეს“. შემდეგ სლუკუნით გარბიან პატრონთან მფარველობისთვის, მათი მზრუნველობის გავლენიანი ხელი რომ დაეფაროთ და პასუხისგებას თავი აარიდონ.
საოცარია, რომ გამოძიების მიერ პროკურორისთვის გადაცემული საქმე არ შეიცავს ინფორმაციას ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესახებ, როგორიც დანაა. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე N7 განყოფილების გამომძიებლებმა გამოკითხვაზე დამატებით უნდა დაიბარონ ბექა გოცირიძე და დაუსვან შეკითხვა: 31 ივლისის ღამეს, რუსთაველზე მისვლის შემდეგ, ხომ არ დაკარგა დანა?
ზემოაღნიშნულ შეკითხვაზე უარის შემთხვევაში, ჩატარდეს კონკრეტული ნომრის მიღება-ჩაბარების აქტით და კონკრეტული ლუქის ნომრით პოლიციისთვის გადაცემულ დანაზე ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშების ექსპერტიზა.
ამ ეტაპზე აშკარაა პოლიტიკურად მოტივირებული აქტორის მიერ საქმის გარშემო არსებული მტკიცებულებების სუბიექტურად და ცალმხრივად მოპოვების მცდელობა.
და მთავარი — დასადგენია მოტივი, ის, თუ რა განზრახვით მივიდა თბილისის მერიის ბალანსზე პროპაგანდისტულ საშუალებად აღრიცხული აქტივი — ბექა გოცირიძე რუსთაველზე მშვიდობიანად შეკრებილ ხალხთან. თვეში რამდენი ლარი ხელფასის სანაცვლოდ დაახურდავე სამშობლო, ბექა?!
თავისუფლება ისე არ მოდის… არ დათმო!
თორნიკე თოშხუა
26.08.2025




