„სამართალი ნელა და ურმით მოდის, მაგრამ დიდი სიმართლე მოაქვს“ — ნიკოლოზ ჯავახიშვილის ბოლო სიტყვა სასამართლოში

შემოდგომა-ზამთრის აქციებზე და პროტესტში მონაწილეობის გამო დაკავებული სინდისის პატიმრების საქმეთა განხილვა ფინალურ ეტაპზეა. დღეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის [ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, გიორგი გორგაძე, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი და ვასილ კაძელაშვილი] საქმეზე ბოლოს წინა სხდომა გაიმართა. დასკვნითი სიტყვები დაასრულეს ადვოკატებმა. რეპლიკებზე უარი თქვა როგორც ბრალდების, ისე, შესაბამისად, დაცვის მხარემაც. რვავე ბრალდებულმა თავისი საბოლოო სიტყვა თქვა.
ბრალდებულებიდან პირველი ნიკოლოზ ჯავახიშვილი იყო, 20 წლის სტუდენტი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდა დან დევნილი ოჯახიდან.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.
ნეტგაზეთი ნიკოლოზ ჯავახიშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოში სრულად გთავაზობთ.
წინასწარ მოგილოცავთ მარიამობას.
მოვესწრებით იმ დროს, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდება. მაგრამ იცოდეთ, თუ თუნდაც დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და თქვენი ქვეყანაც. ეს სიტყვები შეიძლება უბრალო ფურცელზეა დაწერილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ცხოვრებაში.
მოგესალმებით ყველას. მე, ოცი წლის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ჯავახიშვილი ვარ.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც არამარტო ჩვენს უფლებებს იცავენ, არამედ ჩვენთან ერთად იბრძვიან სამართლისა და სამართლიანობისთვის. მადლობა ჩვენს თითოეულ ოჯახის წევრს, რომლებიც გვერდში გვიდგანან. განსაკუთრებით მარიას [შეყვარებული, რომელთანაც ნიკოლოზმა ხელი ციხეში მოაწერა], რომელიც დაკავების დღიდან მუდამ გვერდში მიდგას, მამხნევებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის გვერდზე ვიყო, არა ციხის კედლებში, არამედ მის გარეთ, სადღაც შორს.
რატომ ისროლა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ფეიერვერკი ჰაერში? რა იყო მისი მიზანი? დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა ყველას აწუხებს და საინტერესოც ის არის, ამ კითხვაზე რა პასუხს გავცემ.
განსაკუთრებით კი, თქვენ გაინტერესებთ, ბატონო მოსამართლევ, ქალბატონო თამარ. ვფიქრობ, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად გახვალთ, ეს კითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. მიიღო თუ არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა? ისროლა თუ არა პოლიციელების მიმართულებით? მისმა მოქმედებამ შეუქმნა თუ არა საფრთხე ვინმეს? დააზიანა თუ არა შენობა-ნაგებობა? ამ კითხვებზე ერთადერთი სწორი და რეალური პასუხი არსებობს – არა.
მე არ დავიწყებ თავის მართლებას, რომ იმ ვიდეოზე, რომელსაც ბრალდების მხარე მედავება, მე არ ვარ. კი, მე ვარ. მაგრამ ბატონი ვაჟა და ბატონი ვახტანგი რასაც მედავებიან, კატეგორიულად უარვყოფ.
მინდა მოგიყვეთ, როგორ განვითარდა მოვლენები 2024 წლის 28 ნოემბერს ღამის საათებში. იმ დღეს მე და მარია ბათუმში ვიყავით. გზაში ვიყავით, როცა ირაკლი კობახიძის განცხადება მოვისმინე. როცა თბილისში ჩამოვედით, [მარია] სახლში მივაცილე, სახლში მივედი, გამოვიცვალე და გამოვედი რუსთაველის გამზირზე. აქციაზე ვიყავი სრულიად მშვიდობიანად, არავის დავსხმივარ თავს. მითუმეტეს, მშვიდობის მოყვარული გახლავართ. ჩემი აქციაზე ყოფნის პერიოდში არანაირი მოწოდება არ ყოფილა სამართალდამცავების მხრიდან, ან გზა გაგვეთავისუფლებინა, ან უბრალოდ დავშლილიყავით.
ღამის საათები იყო, როდესაც ჩემთვის ვიღაც უცნობი, შენიღბული პიროვნება მოვიდა ჩემთან და მითხრა, ფეიერვერკი დამიჭირე ერთი წუთითო. მე უარი განვუცხადე ორი მიზეზის გამო: პირველი ის იყო, რომ ჩემთვის უცნობი და შენიღბული პიროვნება იყო. მეორე ის, რომ ფითილზე მოკიდებულ ფეიერვერკს მაწვდიდა. მე უარი ვუთხარი, მან ძირს დააგდო და გაიქცა. დავუყვირე, რას აკეთებ-მეთქი. შევაგინე და ინსტინქტურად უცებ ავიღე ძირიდან ფეიერვერკი, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო.
როცა ავიღე, ეგრევე ზემოთ, ცაში აღვმართე. მაღლა აწევა ცაში და გასროლა ერთი იყო. გავიქეცი რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არავინ დაზარალებულიყო. ჩემსა და პოლიციელებს შორის იყო ძალიან დიდი დაშორება. დაახლოებით, 500 მეტრამდე. ჩემი მოქმედებით არ შემიქმნია საფრთხე არც საზოგადოებისთვის და არც პოლიციელებისთვის და მათ შორის, არც შენობა-ნაგებობებისთვის.
სწორედ იმის გამო ავიღე ძირს დაგდებული ვიღაცის მიერ, რომ ვინმე ან რამე არ დაზიანებულიყო. ამის გამო ვისროლე ვერტიკალურად ჰაერში, ცის მიმართულებით.
ჩემთვის გაუგებარია, როგორ ვითვლები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პიროვნებად, როდესაც ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ გვაკავშირებს, არათუ რამე სხვა.
ჩემი ციხეში 9 თვე ყოფნა იყო ცხოვრების უდიდესი გამოცდილება. ყველაზე რთული იყო პირველი ორი დღე. თავი სიზმარში მეგონა. ვფიქრობდი, ახლა თვალს გავახელ და სახლში ვიქნები-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრები და ილუზია იყო. სრული ქაოსი მჭირდა. მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთადერთი ადამიანი, მარია დამრჩა, ვის გამოც ყველაფერს სასწორზე დავდებ. თუ საჭირო გახდა იმის იქითაც. ზუსტად ამ ადამიანზე ვნერვიულობდი, ვერ ვხედავდი, არ ვიცოდი, სად იყო, როგორ იყო, რას აკეთებდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ სტრესისგან განადგურებული იყო.
ბოდიში, მარია, რომ ამდენი განერვიულე, მაგრამ გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ გვერდით იყო. ვისწავლე ცხოვრების 2 მთავარი არსი – სიყვარული და თავისუფლება. გარეთ რომ ვიყავი, ვერ ვაფასებდი თუნდაც სახლიდან მაღაზიამდე სიარულს, თუმცა ციხეში, საკანში, 7 ნაბიჯს დავდივარ.
რადიკალურად შეცვალა ციხემ ჩემი ცხოვრება. ვისწავლე დაფასება, ზედმეტი ხალხისგან დავიცალე. ვისწავლე პატივისცემა. სხვათა შორის, ნათქვამია, ჯერ საკუთარ თავს ეცი პატივი, თუ გინდა რომ სხვამ გცეს პატივი და ასეც არის. ზოგჯერ მგონია ეს ტანჯვა, რასაც გავდივარ, უსასრულოა. მაგრამ ვითმენ. ვითმენ იმიტომ, რომ ეს დროებითია. შეიძლება სამართალი ურმით მოდის, მაგრამ ნელა დადის და დიდი სიმართლე მოაქვს. ამ 9 თვეში ბევრი კარგიც მოხდა და ბევრი ცუდიც. ყველაზე მეტად იანვრის თვე გაიწელა. ვისწავლე საკუთარი თავის კონტროლი.
საახალწლოდ დაგეგმილი გვქონდა მე და მარიას წავსულიყავით ბაკურიანში, მაგრამ მომიწია 4 კედელში ყოფნა. აპრილში დაბადების დღე ჰქონდა. მინდოდა საზღვარგარეთ წავსულიყავით, სადმე, ლამაზ ადგილას და ხელი იქ მეთხოვა, მაგრამ ხელი ციხეზე მოვაწერეთ. არ მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. არ ვიცით, როდის რა მოხდება. მარიას დაბადების დღისთვის ამდენი ვიწვალე… მახსოვს ტელეფონიდან ვაგვარებდი საჩუქრებს.
ვფიქრობ ხოლმე, რა ცოტა არის ბედნიერებისთვის საჭირო. მაგალითად, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, ბალახზე სიარული, წვიმის წვეთები, სახლის საჭმელი, მზე, სუფთა ჰაერზე სეირნობა. ეს ის ჩამონათვალია, რომელიც გააბედნიერებს ადამიანს, ვისაც თავისუფლება შეზღუდული აქვს.
იცით, როგორი ტანჯვაა, როცა მარიას თვალცრემლიანს ვხედავ? მინდა მივიდე, მოვწმინდო ცრემლი, რომელიც საყვარელი ადამიანის დანახვისას წამოუვა, დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად არის. მაგრამ უფრო ცუდად ვარ, როცა მას ახლოს ციხეში, პაემანზე ვხედავ. არაფერს იმჩნევს. იცით რა მაძლებინებს? მისი სითბო და სიყვარული, რომელსაც ვერავინ ვერ გაიგებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეულიც კი არის ეს თემა.
თავი რომ არ შეგაწყინოთ ჩემი პრობლემებით, საქმეზე გადავალ. ბევრისგან მსმენია და ბევრისგან მომსვლია ამბები, რომ აი, ბატონობით რატომ მიმართავ ვაჟასო [ერთ-ერთი პროკურორი, ვაჟა თოდუა] ან რაიმე მსგავსი. ერთს გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ: მე ჩემი მეობა, ჩემი პირადი აზრი და პირადი ინდივიდუალურობა მახასიათებს. მერე რა, რომ 4 ან 6 წლით ციხეში მიშვებს არაფრის გამო. უფრო სწორად, ფეიერვერკის ჰაერში სროლის გამო. შენ, მთავარია, შენი მეობა და ადამიანობა არ დაკარგო. ვისაც ჩემზე მეტი ან ვინმეზე მეტი ჰგონია თავი, სხვებს აკრიტიკებს და არ აინტერესებს, მაშინ — ან ჩუმად უნდა იყოს, ან ადგეს და პირდაპირ უთხრას, რასაც მასზე იძახის ან ფიქრობს. არასდროს არ მიყვარდა ზურგს უკან ჭორაობა. თუ ვინმეს რამის გარკვევა სურს, ჯერ გაარკვიოს და მერე ილაპარაკოს. ადამიანს ცრუ ინფორმაცია არ უნდა გაუვრცელო. ის შეიძლება მერე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს.
არ შეიძლება, სამყაროს უყურებდე ცალ მხარეს, ცალი თვალით. პირიქით, უნდა უყურო ყველა მხარეს ორი თვალით, რადგან შეიძლება სხვადასხვანაირად ხედავდე და ეს უფრო მნიშვნელოვანია.
ერთს ვიტყვი, არა მგონია ამ ერთი ნათქვამით მიხვდეთ, მაგრამ ძალიან მომწონს მე ეს სიტყვა: ადამიანი ადამიანთან ადამიანის ადამიანობით ადამიანობს. იყავი ადამიანი. იყავი მოწყალე. იყავი მშვიდი. აკეთე სიყვარული და სიკეთე. ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ცხოვრებაში ვაკეთოთ? ან რა სახელი გვინდა დავტოვოთ? ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება, სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა და მოვიქცეთ ისე, რომ არავინ არავის არ ვაწყენინოთ. მივუტევოთ, ვაკეთოთ სიკეთე, მაგრამ ნუ დაველოდებით. ერთმანეთს დავეხმაროთ და მუდამ სიყვარულში გავატაროთ ცხოვრება. ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. მე, მაგალითად, ასე ვიცხოვრე, ვცხოვრობ და ვიცხოვრებ. დავისახო მიზანი და მივყვე ბოლომდე — აი, ეს არის მთელი არსი.
ამიტომ, გიყვარდეთ ერთმანეთი და დავაფასოთ ერთმანეთი. მე სანამ ციხეში ვარ, ჯერ არავინ მკითხულობს, ვისაც მოველოდი. გავალ და ყველა მე მომიკითხავს. არ ხდება ასე.
მადლობა ყურადღებისთვის, მიყვარხართ ყველა.
მარია, შენ უფრო მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძალიან მალე შენ გვერდით ვიყო. არა მაგ სკამზე, არამედ სადმე შორს, ერთად, მიყვარხარ. მუდამ შენი პატარა წერტილი.