დღესდღეობით ათასობით სამედიტაციო აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, 10 მათგანის გადმომწერების რაოდენობა კი 300 მილიონს სცდება. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ამ ციფრული ხელსაწყოების მოკლევადიანმა გამოყენებამაც კი შეიძლება უამრავი სარგებელი მოგვიტანოს, მაგალითად, დეპრესია, შფოთვა, სტრესი და ინსომნია შეამციროს.
“მედიტაციის აპლიკაციები, როგორებიცაა Calm და Headspace, კომერციულ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს”, — განმარტა დევიდ კრესველმა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა და კვლევის ავტორმა — “ისინი არამხოლოდ ადამიანებს ეხმარება, არამედ ახალ სამეცნიერო შესაძლებლობებსა და გამოწვევებსაც ქმნის”.
ამ აპლიკაციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარგებლად მათზე წვდომის სიმარტივე სახელდება. მართლაც, ყველა ადამიანს არ შეუძლია მედიტაციის ჯგუფურ სეანსებზე იაროს. ისიც აღსანიშნავია, რომ მენტალური ჯანმრთელობის თემატიკის აპლიკაციების ბაზრის მომხმარებლების 96%-ს მედიტაციის აპლიკაციების მომხმარებლები შეადგენენ.
ზოგადად, აპლიკაციების უმრავლესობა მომხმარებლის ამჟამინდელ დონეს ითვალისწინებს. საწყისი გაკვეთილები უფრო მარტივია: ისინი ძირითადად სუნთქვასა და აწმყო დროის აღქმას უსვამს ხაზს.
კვლევის თანახმად, მომხმარებლები, რომლებიც ამ აპლიკაციებს კვირაში 3-ჯერ, 10-იდან 21 წუთამდე დროით იყენებენ, შესამჩნევ სარგებელს იღებენ. ეს ძალიან კარგია, თუმცა, თავისთავად, ჯგუფური სამედიტაციო სესიები უფრო ეფექტიანია, რადგან ისინი 30-იდან 45 წუთამდე გრძელდება.
კრესველი ამბობს, რომ მისი პროგნოზით, ამ აპლიკაციებს მალე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებიც შეიძლება დაემატოს, რაც მათ ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ეს პერსონალიზაციის უკეთეს შესაძლებლობებსაც მოგვცემს.
კვლევის თანახმად, ჩართულობა მედიტაციის (ისევე, როგორც სხვა შინაარსის) აპლიკაციების უდიდესი პრობლემაა. მედიტაციის აპლიკაციების გადმომწერთა 95% ერთი თვის შემდეგ მას საერთოდ აღარ იყენებს. თუ ამ აპლიკაციების შემქმნელებს მეტი წარმატება სურთ, მათ აპლიკაციები უფრო ინტერაქტიური და სახალისო უნდა გახადონ, მაგალითად, როგორც ეს Duolingo-მ შეძლო.
კრესველის აზრით, ეს აპლიკაციები ფიზიკურ სივრცეში ჩატარებულ ჯგუფურ სეანსებს ან კარგ მასწავლებლებს სრულად ვერასდროს ჩაანაცვლებს. მეორე მხრივ, ეს მართლაც შესანიშნავი საშუალებაა დამწყებთათვის, თანაც, მომხმარებლები ამ გზითაც უამრავ სარგებელს იღებენ.
კვლევა გამოცემაში American Psychologist გამოქვეყნდა.
