ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე მომხდარ შემთხვევამდე, რამდენიმე დღით ადრე, მეუღლესთან ერთად, გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული.
როგორც მან აღნიშნა, ლოგიკაში არ ჯდება, ის ფაქტი, რომ ადამიანს, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ავიწროებდნენ ქვეყნიდან გასვლის უფლება თავისუფლად ჰქონოდა.
„ჩვენ ამ შემთხვევამდე, რამდენიმე დღით ადრე, შეიძლება ერთი კვირით ადრე, ვიმყოფებოდით გერმანიაში. მას აქვს ერთი თვალის პრობლემა და მე და მაგდა წავყევით გამოკვლევაზე მიუნხენში. როცა მთხოვა წაყოლა, ვუთხარი, რომ მინისტრს უნდა შევუთანხმო -მეთქი, შვებულება ავიღო და ა.შ. დამცინოდა, ხედავ, რა კარგია თავისუფლება, ბილეთი ავიღე და მივდივარ, შენ შვებულება უნდა დაწეროო. კაცს ავიწროებდნენ, ზეწოლის ქვეშ იყო და გასვლა – გამოსვლა ჰქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი? ლოგიკაში ჯდება?
რაც შეეხება იმ დღეს, ვინაიდან დილით ადრე უნდა წამოვსულიყავით, მძღოლი 08:00 საათზე მყავდა დაბარებული. შევედით. ერთ მხარეს არის მისი საძინებელი, სადაც ყოველთვის ის რჩებოდა, მეორე მხარეს ცენტრალურ ოთახში შესასვლელია და იქვე ჩემი საძინებელიც. დავისვენოთო რომ ვთქვით, გამოვედით და მთხოვა, რომ საფერფლე და სიგარეტი მომეციო. სიგარეტი მედო იმ მაგიდაზე, რომელიც დიდ ოთახშია. შევედით, მე მივეცი, ის გავიდა და მე შევედი ტუალეტში. ამ დროს ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ჩავრთე დასატენად. ტუალეტში ვარ, რამდენიმე წუთში მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, „ჰო, ძმაო გისმენ, გისმენ -მეთქი“. ხმა არ გამცა. გავთიშე, გადავურეკე და აღარ იღებდა. რომ არ იღებდა, გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება, მერე… გასროლის ხმა არ გამიგია. კლინიკაში მე წავიყვანე, გონზე არ იყო. როცა ადამიანზე ახდენენ ზეწოლას, მას ასე თავისუფლად უცხოეთში თავის ოჯახის წევრებთან ერთად, განუსაზღვრელი ვადით, არ უშვებენ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ამასთან, როგორც ალექსი ახვლედიანმა განმარტა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დავით რიჟვაძე დაკითხვაზე არასდროს ყოფილა“, – აღნიშნა მან.