პროკურორი – გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, თორნიკე რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული და მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები.
„გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა, ამოღებული იქნა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენი ყველა ნივთი, ასევე გამოკითხული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, მათ შორის, საქმეზე ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა.
სისხლის სამართლის საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზა მოპოვებულია, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ არის შესრულებული. ასევე, დანიშნულია არაერთი სხვადასხვა ექსპერტიზა, როგორიც გახლავთ, სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზა, მოპოვებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, ასევე დანიშნულია ტექნოლოგიური ექსპერტიზები იქ მყოფ პირთა მობილურ ტელეფონებზე, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის ტელეფონზე”,- განაცხადა ჭიტაძემ.
კითხვაზე, რიჟვაძის წერილში მოყვანილ გარემოებებზე, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა, არის თუ არა დადგენილი, ვისი მხრიდან, პროკურორი პასუხობს, რომ „კონკრეტული პირები იდენტიფიცირებულები არ არიან“.
„გამოძიება გრძელდება თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ალექსი ახვლედიანის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში, რაც თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტს უკავშირდება, გამოკითხულია მისი არაერთი მეგობარი და მათ შორის, ოჯახის წევრები. ისინი უთითებენ, რომ მის მიმართ „შავი პიარი“ იყო აგორებული, რამაც მისი დეპრესიული მდგომარეობა განაპირობა. იგულისხმება, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, კონკრეტული პირებისაგან აგორებული „შავი პიარი“.
გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე ისინი იდენტიფიცირებულები არ არიან. მას [რიჟვაძეს] წერილში აქვს ასახული გარემოებები, რამაც მისი თვითმკვლელობის მცდელობა გამოიწვია. იგივე ფაქტობრივ გარემოებებს აჟღერებენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვას, ის თურქეთში იმყოფება, მკურნალობას გადის და ამ ეტაპზე ის გამოკითხული არ არის. საგამოძიებო ორგანოს მის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აქვს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობენ“, – განაცხადა ჭიტაძემ.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.
ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება
სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.