პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის დავით ჭიკაიძის განცხადებით, ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციაზე დაზიანდა. როგორც ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, ბრალდების მხარემაც ვერ შეძლო კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა, რადგან ის ობიექტურად არ არსებობს.
„მიგვაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი“, – განაცხადა ადვოკატმა. გარდა ამისა, უფლებადამცველის განმარტებით, ზვიად ცეცხლაძის სახლში უკანონოდ ჩატარდა ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარდა.
„მიგვაჩნია, რომ ვიდეომტკიცებულების საფუძველზე რაიმე კონკრეტული დაორგანიზების ბრალდება აბსოლუტურად წარმოუდგენელი, დაუსაბუთებელი და მეტსაც გეტყვით, არასერიოზულია“, – განაცხადა ადვოკატმა.
როგორც დავით ჭიკაიძემ აღნიშნა, „ცალსახად სახეზე არის გახანგრძლივებული პატიმრობა”.
„მიგვაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე არ არის არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბრალად შერაცხულ ქმედებას დაადასტურებდა“, – განაცხადა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის დროს.




