ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე – ბევრ ადამიანთან აფიქსირებდა, რომ თანამდებობიდან წასვლის დრო იყო, ხუმრობითაც იძახდა, ბრეჟნევი ხომ არ ვარო, მაინც ძალიან რთულად გადაიტანა ალბათ, რეგიონთან დაშორება, გამორჩეულად უყვარს აჭარა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობიდან წასვლა მინიმუმ, წელიწად ნახევრის განმავლობაში უნდოდა, „ეს ფაქტი მან მაინც ძალიან რთულად გადაიტანა“.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რიჟვაძეს „გამორჩეულად უყვარდა და უყვარს აჭარა“.
„დაახლოებით, 17:00 საათზე, დამიკავშირდა თორნიკე, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები. მეგობრების გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის და განსაკუთრებით, ამ ბოლო პერიოდში. სადღაც 17:00 საათზე დამიკავშირდა. ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს აღმოსავლეთ საქართველოში მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო. იმ პერიოდშიც კი, მე როცა არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემ გარეშეც მიდიოდა, რჩებოდა…
დამიკავშირდა, მთხოვა, რომ მეორე დღეს იცით, რომ ორშაბათი იყო, თათბირი მქონდა, ხვალ მაინც მიდიხარ, მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ, გვიან წამოვიდეთ. შესაბამისად, 18:00 საათზე გაუარა, როგორც შევთანხმდით ჩემმა მძღოლმა, წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს. ერთს ვუთხარი, რომ ღვინო მოეტანა, მეორეს ვუთხარი, რომ საკვები შეეკვეთა. ჩავედით. ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი, ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში, საათ ნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი, დავითი. იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი, როგორც უნდა ყოფილიყო.
ბოლო პერიოდი რით იყო გამორჩეული, როგორ ხასიათზე იყო? – მე გეტყვით და ამას ბევრი ადამიანი დაადასტურებს. დაახლოებით ბოლო წელიწადი, წელიწად ნახევარი, თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან. ის მიიჩნევდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის. როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩემს თავსაც ვამჩნევ, უკვე იმ შემართებით ვერ ვარ და ა.შ. ბოლოს ეს მისი სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა. 2024 წლის არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდში როცა მქონდა საშუალება, ყოველთვის შეხვედრებზე ერთად დავდიოდით. ამბობდა, რომ ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებ, უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა. მეც სიხარულით ვეუბნებოდი, რომ თბილისში გადავიდეთ, მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს… მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი შესაბამის დროს ეძებდა. ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, არ მიკითხავს, არ დამიზუსტებია. როცა მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდეგ მომიყვა შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა, დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა. მიუხედავად ამისა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, მინიმუმ წელიწადი, წელიწად ნახევარი, მარტო ჩემთან არა, ძალიან ბევრ ადამიანთან ამას აფიქსირებდა, რომ მისი წასვლის დრო იყო, ხუმრობითაც იძახდა ხოლმე, რომ ბრეჟნევი ხომ არ ვარო, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან რთულად გადაიტანა ალბათ რეგიონთან დაშორება, გამორჩეულად უყვარდა და უყვარს აჭარა“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.