ორგანიზაციის “უკრაინელი ტყვეების დაცვის” ინფორმაციით, 40 ადამიანი ოდესის რეგიონული ტერიტორიული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრში იმყოფება, თუმცა ცენტრს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ივანი ერთ-ერთია იმ 65 ადამიანს შორის, ვინც აგვისტოში სამშობლოში დაბრუნდა, მათი უმეტესობის დეპორტაცია ხერსონის ოკუპაციის შემდეგ მოხდა. ისინი სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიდნენ, საიდანაც გაძევების შემდეგ საქართველოს საზღვარზე მოხვდნენ, სადაც თვეების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ელოდნენ შინ დაბრუნებას.
სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელების ნაწილს სასჯელის დარჩენილი ვადა აქვს მოსახდელი. ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებიდან ოდესის რეგიონული ტერიტორიული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრში გადაიყვანეს. ივანი გაუშვეს, როგორც მრავალშვილიანი მამა, ხოლო სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად შეფასებული კაცების ნაწილის ომისთვის მობილიზაცია მოხდა.
რადიო თავისუფლების პროექტი “როგორ ხარ?” იმ უკრაინელი კაცების შესახებ წერს, რომლებმაც ჯერ რუსული ციხე, შემდეგ კი ბუფერული ზონა გამოიარეს.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოფილი პატიმრებისთვის, რუსეთში დეპორტაციის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების ერთადერთი გზა საქართველოზე გადის. უსაბუთოდ დარჩენილ უკრაინელ ყოფილ პატიმრებს კვირების ან თვეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყოფნა უწევთ, სანამ თბილისში არსებული უკრაინის საელჩო მათ მოქალაქეობას არ დაადასტურებს და ე.წ. თეთრი პასპორტს მისცემს.
“ვიცოდი, დედა მელოდა”
ანატოლი 21-22 აგვისტოს დაბრუნდა უკრაინაში საქართველოს საზღვრიდან. გამშვები პუნქტის “დარიალის” ბუფერულ ზონაში მან თვე-ნახევარი გაატარა.
კაცი ჰყვება, რომ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ გამგზავრებამდე ერთი-ორი დღით ადრე შეუტყო, მოგვიანებით ისინი ავტობუსით მიიყვანეს თბილისის აეროპორტში, საიდანაც თვითმფრინავით მოლდოვაში გადააფრინეს. ეს ჩანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებშიც.
კიშინიოვიდან ოდესაში უკრაინელები ავტობუსით წაიყვანეს.
“მოთმინებას ვკარგავდი, იქ საზღვარზე რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, გავაფრენდი. სარდაფში გამწოვი არაა, საწოლების ქვეშ წყალი დგას. ერთ საწოლში გვეძინა ორ-სამ კაცს. ერთმანეთს ვენაცვლებოდით. იატაკზეც გვეძინა. წამოსვლისას არავისთან მილაპარაკია, მინდოდა მაგრამ არ ვლაპარაკობდი. ბევრი ემოცია იყო… და რა მაძლებინებდა? – დედა. ვიცოდი, რომ დედა მელოდებოდა, თან ავადაა”.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას ანატოლი ბერდიანსკის კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხვდა. მისი სიტყვებით, პენიტენციურ დაწესებულებაში პირველივე დღეებში რუსი სამხედროები შევიდნენ.
“დაღესტნელები შემოვიდნენ, კამერა შემოაღეს და იკითხეს – “იბრძოლებთ?” გვაიძულებდნენ ბინძური საქმეების კეთებას, ცალი ხელი პარალიზებული მაქვს, მაგრამ მათთვის სულ ერთი იყო”.
“კიდევ სამი წელი უნდა მოიხადოო”
ანატოლისთან ერთად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება 61 წლის ვალერი. ომის დაწყებისას ის ხერსონის კოლონიაში იხდიდა სასჯელს. ოლქის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ მისი დეპორტაცია მოხდა კრასნოდარის მხარეში.
“რუსი სამხედროების თანხლებით გაგვიყვანეს. დავინახე რუსების ტანკების აფეთქებული კოლონა. სასიამოვნო სანახავი იყო. გვყრიდნენ განურჩევლად, ვინ სად მოხვდებოდა, მე ინსულტი დამემართა, მარცხენა ხელ-ფეხი წამერთვა. ასე ვარ ახლაც”.
ვალერი რუსეთის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოუშვეს, მაგრამ უცხო ქვეყნების მოქალაქეების განთავსების ცენტრში ერთი წელი გაატარა, ამის შემდეგ ივნისში საქართველოში გადააგზავნეს.
მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის ნაწილი მოსახდელი აქვს, სამშობლოში ყოფნით მაინც ბედნიერია.
რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა შეკითხვებით მიმართა ოდესის რეგიონული ტერიტორიული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრს: მართლაც იქ იმყოფებიან თუ არა საქართველოდან დაბრუნებული უკრაინელები, რამდენ ხანს დაყოფენ იქ და როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას?.. თუმცა ცენტრს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ორგანიზაცია „უკრაინელი ტყვეები დაცვის“ წარმომადგენელმა ანა სკრიპკამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ტერიტორიულ ცენტრში მყოფი დაახლოებით 40 ადამიანი უკვე ომისთვის მობილიზებულია და სასწავლო ცენტრებში იმყოფება.
ივანი უკვე ესაუბრა შვილებს ტელეფონით, თუმცა ვერ იჯერებს, მალე მათ ნახვას შეძლებს.
“საკონსულომ 50 დოლარი მოგვცა ბილეთებისთვის, დავბრუნდები ჩემს ოლქში, დავდგები სამხედრო აღრიცხვაზე, აღვიდგენ საბუთებს და ბავშვებს მივხედავ. არმიას მინდა შევუერთდე”.
22 აგვისტოს უკრაინაში დაბრუნდნენ რუსეთიდან დეპორტირებული, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 109 უკრაინელია გაყვანილი. უწყება „აგრძელებს მუშაობას იმ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად, რომლებმაც უკრაინაში რეპატრიაციის სურვილი გამოთქვეს“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, უკრაინის 22 მოქალაქე კვლავ საზღვარზე რჩება.
ფორუმი
