უვიზოს საკითხამდე ეს გადაწყვეტილება ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა – მიქელაძე ყადაღაზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღება ბრიუსელთან ურთიერთობების ესკალაციას ნიშნავს.
მისი თქმით, ორგანიზაციების ანგარიშებისთვის ყადაღის დადება მათ ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს.
„დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა. თუმცა საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დაიყადაღა. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ.
ამასთან, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.
“ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით.
ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა “ქართული ოცნების” მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი“, – წერს თამთა მიქელაძე Facebook-ზე.