უკრაინული მედია Suspilne ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ეროვნული გვარდიის 33 წლის სამხედრო, სახელად ვლადისლავი, გადარჩა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ყელი გამოჭრეს და ორმოში ჩააგდეს, რადგან ეგონათ, რომ მკვდარი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადისლავმა ორმოდან ამოსვლა შეძლო და ხუთი დღის განმავლობაში ცოცვა-ცოცვით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მიაღწია. 17 აგვისტოს იგი დნიპროპეტროვსკის ოლქის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. ამ დროისთვის მას დიდი ოდენობის სისხლი ჰქონდა დაკარგული.
სამედიცინო პერსონალის თქმით, 11-წლიანი ომის განმავლობაში მსგავსი სახის ჭრილობებზე მუშაობა მათ პირველად მოუწიათ. “როდესაც ვინმეს ყელს ჭრიან და ის სისხლისგან იცლება, გადარჩენის მცირე შანსია. ის [ვლადისლავი] ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ რაც მას გამოარჩევს არის ის, რომ ბოლომდე დარწმუნებული იყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა.” – განაცხადა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, სერჰიი რიჟენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, ვლადისლავს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამჟამად მას ლაპარაკი არ შეუძლია. მან თავისი გადარჩენის ამბავი დღიურში დაწერა.
ვლადისლავის მიხედვით, რამდენიმე კვირის წინ მისმა ბრიგადამ პოკროვსკის სიახლოვეს პოზიციებზე კონტროლი დაკარგა, ხოლო როცა თანამებრძოლების დახმარებას ცდილობდა, რუსმა სამხედროებმა ის ტყვედ აიყვანეს.
ამასთან, ვლადისლავი წერს, რომ რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს თვალები ამოთხარეს, ხოლო ტუჩები, სასქესო ორგანოები, ყურები და ცხვირები მოაჭრეს. ვლადისლავი რუსი სამხედროების მიერ ორმოში ჩაყრილ ბოლო რვა უკრაინელს შორის იყო, რომლებზეც ეგონათ, რომ ყველა მათგანი მკვდარი იყო