მეუღლის, ალინა კალოიანის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ ქრისტესიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები კვლავ არსებობს.
ბრალდებულის ადვოკატის, ვაჟა ლონდარიძის განმარტებით, ქრისტესიაშვილი მომხდარს ძალიან განიცდის. მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ცოლის ძმას დაურეკა და პოლიციაში თავად გამოცხადდა.
ადვოკატმა ქრისტესიაშვილის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სხდომის დაწყებისას კალატოზიშვილის კითხვაზე, ხომ არ არის ის წარსულში ნასამართლევი, ბრალდებულმა უარყოფითი პასუხი გასცა. კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ის, განაცხადა, რომ ხელოსანია.
