უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან ერთად ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მიმდინარე თვეში გამართულ შეხვედრებზე ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნავთობისა და გაზის კომპანია Exxon Mobil-ის რუსეთის „სახალინ-1“-ის პროექტში ხელახლა ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს.
ასევე, ოფიციალურმა პირებმა რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტებისთვის ამერიკული აღჭურვილობის შეძენის საკითხიც განიხილეს.
წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთ საკითხს აშშ-ის მიერ რუსეთისგან ბირთვული ძრავით აღჭურვილი ყინულმჭრელი გემების შეძენა წარმოადგენდა.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარე თვის დასაწყიში მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და მის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრებზე შედგა.
ამასთან, პოტენციური ენერგეტიკული შეთანხმებების საკითხი მხარეებმა ალასკაზე გამართულ სამიტზეც განიხილეს.




