ზაზა თავაძე – „ოცნების“ რეჟიმი დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს ჩვენს კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს

„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ს კამპანია არასამართლიან, „ქართულ ოცნებაზე“ მორგებულ, არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.
როგორც „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაზა თავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმებულ რამდენიმე კანდიდატს უარი ათქმევინოს არჩევნებში მონაწილეობაზე.
ამასთან, მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, კვლავ აპირებს გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება.
„2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარეობს უკიდურესად არასამართლიან, „ოცნებაზე“ მორგებულ არაკონკურენტულ გარემოში. რაც უხეშად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი არჩევანის უფლებას. „ოცნების“ რეჟიმი ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, კვლავ აპირებს გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება. ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, რეალურ კონკურენციასა და სამართლიან პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუშალოს ხალხისთვის მოპარული ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად და გასახანგრძლივებლად. კერძოდ: 1. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება მმართველი პარტიის მიერ; 2. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია, საჯარო სამსახური „გაწმენდილია“; განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს; 3. დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია: მათ შორის „რუსული კანონის“ უფრო მძიმე ვერსიის მიღებით; 4. საერთაშორისო მონიტორინგი, პრაქტიკულად, გაუქმებულია – ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ არის მოწვეული; 5. ამომრჩეველზე ხორციელდება სისტემური ზეწოლა. მიმდინარეობს რეპრესიები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ, ჩაერთონ საარჩევნო აგიტაციაში და, ასევე, გაყალბებაში.
რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, მაგალითად, ჩოხატაური, ბაღდათი, ნინოწმინდა, ქობულეთი, , ლანჩხუთი და კახეთი ფიქსირდება სხვადასხვა სახის ზეწოლები ჩვენი პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. კერძოდ, სამსახურის დაკარგვით, ბიზნესსაქმიანობის ხელშეშლით და სხვადასხვა მუქარით რეჟიმი ცდილობს, უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს უარი ათქმევინოს კანდიდატობაზე. „ოცნების“ რეჟიმი ცდილობს დარღვევების მხილების სივრცე სრულად დახუროს, ქმნის ილუზიას, თითქოს პრობლემები არ არსებობს.
ხელისუფლების საბოლოო მიზანია, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ამ ფონზე, არჩევნების, როგორც დემოკრატიული ცვლილების მექანიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი გამოცხადებაა, რამაც არჩევნების გაყალბების მასშტაბი უნდა გადაწონოს. სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ, ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ერთად აწარმოებს დაშინების და ბულინგის კამპანიას. ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს: არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას, არ დავტოვებთ ამომრჩევლებს პირისპირ „ოცნების“ რეჟიმთან მარტო“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.