დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის ხელოვნური საფარის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „როსტვერკმა“ მიიღო. სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან ახორციელებს აეროპორტების გაერთიანება ხელშეკრულების მომზადების სამუშაოებს.
„მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოები იწარმოებს ექსპლუატირებულ აეროპორტში და შეკეთების დრო იქნება შეზღუდული ფრენებს შორის დროის მონაკვეთებით“, – აღნიშნულია ტექნიკური დავალების დოკუმენტებში.
აღსანიშნავია, რომ შპს „როსტვერკი“ სამუშაოებს 797 714 ლარად შეასრულებს. კომპანიამ ადგილზე სამუშაოები შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, 12 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება კომპანიას, „როსტვერკი“ სამეწარმეო რეესტრში 2012 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი ჯეირან ომანაძეა.
