მეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს – მერია

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.
სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.
მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, – წერს უწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა