სომხურმა ბანკებმა და ბროკერებმა, რუსეთთან ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლისთვის, ქვეყანაში ანგარიშების მქონე რუსეთის მოქალაქეების საგადასახადო რეზიდენტობის მონაცემების მოთხოვნა დაიწყეს. ინფორმაციას РБК ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მონაცემთა ავტომატური გაცვლის ამოქმედების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისა და მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების შემოსავლებისა და აქტივების შესახებ მონაცემები ხილული გახდება რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეები მოთხოვნილ ინფორმაციას დამალავენ, მათი საბანკო ანგარიშის მომსახურება შეჩერდება.
„ჩვენი დაკვირვებით, სომხეთი, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსებს შორის უცხოური ანგარიშების გახსნის ყველაზე პოპულარული იურისდიქციაა. ეს შეეხება არა მხოლოდ საბანკო, არამედ საბროკერო ანგარიშებსაც, რადგან რუსები სომხეთის ინფრასტრუქტურას ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისთვის იყენებენ“, – უთხრა გამოცემას NSV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა სერგეი ნაზარკინმა.
სომხეთმა 2023 წელს მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საერთო ანგარიშგების სტანდარტის (CRS) შესაბამისად. 120 ქვეყანასთან მონაცემთა ავტომატური გაცვლა 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
РБК აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გაცვლის დაწყების შემდეგ, საგადასახადო შემოწმების ალბათობა გაჩნდება, შემოსავლისა და აქტივების დამალვისთვის კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკებიც ჩნდება.
ფორუმი
