გასაჯაროვდა 2000 წელს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ამ დრომდე გასაიდუმლოებული დეტალები – მათ შორის საქართველოს შესახებ

გასაჯაროვდა 2000 წელს სა და -ის პრეზიდენტების შეხვედრის ამ დრომდე გასაიდუმლოებული დეტალები – მათ შორის საქართველოს შესახებ

ახლახან გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, 2000 წელს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბილ კლინტონმა და ვლადიმირ პუტინმა კრემლში შეხვედრისას, არაერთი მაღალჩინოსნის თანდასწრებით, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხიც განიხილეს.

ვლადიმირ პუტინმა ბილ კლინტონს უთხრა, რომ თუკი საქართველოდან რუსი ჯარისკაცები „ზედმეტად სწრაფად“ გავიდოდნენ, ეს ქვეყნის „ჩამოშლას“ გამოიწვევდა და „ქვეყანას ბანდიტები დაეპატრონებოდნენ“.

რა ხდება?

ლიდერების „საუბრის მემორანდუმი“ – ესე იგი, სტრუქტურირებული აღწერა იმისა, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე და არა პირდაპირი ტრანსკრიპტი – 2025 წლის 21 აგვისტოს გასაჯაროვდა.

ტრანსკრიპტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ასახავს 2000 წლის 4 ივნისს მოსკოვში, კრემლში ვლადიმირ პუტინსა და ბილ კლინტონს შორის გამართული შეხვედრის პირველ ნაწილს, – ერთ საათსა და შვიდ წუთს.

აშშ-ის მხრიდან პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი
  • აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯეიმს კოლინსი
  • პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სემუელ ბერგერი
  • სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტრობ ტალბოტი და სხვები

ვლადიმირ პუტინთან ერთად, აშშ-ის დელეგაციას მასპინძლობდნენ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი ივან ივანოვი
  • უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი ივანოვი
  • ელჩი აშშ-ში იური უშაკოვი
  • ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი და სხვები.

რა ითქვა საქართველოზე?

საქართველოს პირველი აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი ახსენებს მოლდოვასთან ერთად – „ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების“ კონტექსტში.

„ხელშეკრულებას რომ დავუბრუნდეთ – მე მოუთმენლად ველი რუსეთის მიერ საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანას. როგორ გეგმავთ, რომ გასვლის შეთანხმებულ თარიღებში ჩაეტიოთ“? – ეკითხება კლინტონი პუტინს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ძალების დონე შემცირდებოდა კავკასიაში ოპერაციის დასრულების შემდეგ“, – პასუხობს პუტინი.

„კავკასიაში ოპერაციაში“ ის გულისხმობს რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომს, რომლის ძირითადი ფაზაც 1999 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 2000 წლის 30 აპრილს – კლინტონთან პუტინის ამ შეხვედრამდე დაახლოებით 40 დღით ადრე – დასრულდა.

„ეს [ძალების დონის შემცირება] შესაძლებელი გახდება იქ [კავკასიაში] ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად. ამჟამად აღარ მიმიდნარეობს ფართომასშტაბიანი ოპერაციები, ასე რომ რუსეთის [მიერ საბრძოლო ტექნიკის განთავსების] დონე ხელშკრულებასთან შესაბამოსობაში მოვა“, – პასუხობს პუტინი კლინტონს.

  • „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას“ (CFE) 1990 წელს მოეწერა ხელი. ის შეზღუდვებს აწესებდა საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.
  • ლიდერების საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა სწორედ CFE იყო.

ვრცლად