ტრამპი ბაიდენს მოუწოდებს გაათავისუფლოს კაპიტოლიუმზე შტურმის გამო დაპატიმრებულები

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ.
მან დაპატიმრებულებს მძევლები უწოდა და თქვა, რომ მათ ბაიდენის ადმინისტრაცია ცუდად ეპყრობოდა – “მათ საკმარისად იტანჯეს. მე მათ მძევლებს ვეძახი, ზოგი მათ პატიმარს უწოდებს”.
ათასზე მეტ მხარდამჭერთან საუბრისას, ტრამპმა გაიმეორა პრეტენზია, რომ 2020 წლის არჩევნები იყო გაყალბებული და რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
“მე ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ მე გავაპროტესტე არასწორი არჩევნები. გაათავისუფლეთ მძევლები, ჯო, გაათავისუფლე ისინი. შენ შეგიძლია ამის გაკეთება ძალიან მარტივად, ჯო”, – თქვა ტრამპმა.
ტრამპს ადანაშაულებენ 2021 წელს კაპიტოლიუმზე შტურმის წაქეზებაში. ბუნტში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს 1200-ზე მეტ ადამიანს და 900-ზე მეტმა ან აღიარა დანაშაული ან გაასამართლეს სასამართლო პროცესის შემდეგ.