კომპანია Intel-მა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს და მთავრობა კომპანიის აქციებში 8.9 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა თანხიდან 5.7 მლრდ აშშ დოლარს გადაიხდის გრანტით, რომელიც Intel-ისთვის CHIPS and Science Act-ის ფარგლებში იყო გამოყოფილი.
განცხადების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციასთან „ისტორიული“ შეთანხმება მიზნად ისახავს, კომპანიის აშშ-ის ბაზარზე ლიდერის პოზიციებზე დაბრუნებას ტექნოლოგიებისა და წარმოების სფეროში.
მთავრობა Intel-ის 433.3 მლნ აქციას შეიძენს და თითოეულში 20.47 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც კომპანიის აქციების 9.9%-იანი წილის ფლობაში გადაითარგმნება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის ინვესტიცია პასიური სახის იქნება, რაც გულისხმობს, რომ საბჭოს წარმომადგენლობასა და მართვის სხვა ორგანოებში უფლებები არ ექნებათ.
„დიდი პატივია გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატები ამიერიდან Intel-ის 10%-იან აქციათა პაკეტს ფლობს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაგარი მომავლის წინაპირობაა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, იაპონურმა SoftBank-მა, Intel-ის ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად, 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
