სულ მცირე 3 დაღუპული და 30-ზე მეტი დაშავებული | უკრაინაზე, რუსეთის დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგები

უკრაინაზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, ოლექსი კულებას ინფორმაციით, 8 იანვარს მტერმა ათობით რაკეტა ესროლა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს.
კულებას თქმით, კრივოი როგზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა სავაჭრო ცენტრი, შენობები და კერძო სახლები. გათიშულია ელექტროენერგია და ვითარებას კიდევ უფრო ამძიმეს ძლიერი ყინვა.
კულებას თქმით, შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს ქალაქ ნოვომოსკოვსკშიც.
“დაშავებულია 24 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დაზიანებულია კერძო და საცხოვრებელი კორპუსები. ყველა ადამიანს ეძლევა საჭირო დახმარება. მუშაობს სასწრაფო დახმარება”, – წერს ის.
ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები. ქალაქ ზმიივში კი ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები იქ ამ დრომდე გრძელდება. ზაპოროჟიეს რაიონში მტერმა რაკეტები ესროლა საცხოვრებელ უბნებს. იქ ამ დროისათვის 4 ადამიანია დაშავებული.
კულებას ინფორმაციითვე, აფეთქებები იყო ხმელნიცკის რაიონში. ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში ორი რაკეტა ჩამოაგდეს.