თბილისის მერიამ 100 ახალი ავტომობილის შესყიდვისთვის ₾7.4-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა – bm.ge

თბილისის მერია 100 ერთეული მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7.4 მილიონ ლარს აღემატება და მისი დაფინანსება ორ ეტაპად მოხდება — 2025 და 2026 წლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
ტენდერის მიხედვით, ახალი ავტომობილები არაუგვიანეს 210 დღეში უნდა მიეწოდოს მერიას. თითოეული ავტომობილი უნდა იყოს არანაკლებ 2025 წლის გამოშვებული, მაქსიმუმ 50 კილომეტრი გარბენით და შეესაბამებოდეს მინიმუმ „ევრო 5“ ეკოლოგიურ სტანდარტს.
ტექნიკური მოთხოვნები მკაცრად არის განსაზღვრული:
· ძრავის მოცულობა — მინიმუმ 1.6 ლიტრი;
· სიმძლავრე — არანაკლებ 140 ცხენისძალა;
· ავტომატური გადაცემათა კოლოფი ან ვარიატორი;
· საწვავის ხარჯი — მაქსიმუმ 4.4 ლიტრი 100 კილომეტრზე (შერეული რეჟიმი);
· უსაფრთხოების მინიმუმ 4 ბალიში, უკანა ხედვის კამერა, კლიმატკონტროლი და ABS/ESC სისტემები.
ტენდერის დოკუმენტაციაში ასევე გათვალისწინებულია, რომ პრეტენდენტებმა ფლობის სრული ხარჯიც უნდა წარმოადგინონ — რაც მოიცავს სერვისს, ნაწილებსა და საგარანტიო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურება თბილისში მდებარე სერვისცენტრებში უნდა განხორციელდეს.
სატენდერო წინადადებების მიღება 17 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს 12:00 საათზე დასრულდება. ტენდერის წინადადების უზრუნველყოფის თანხა 74 123 ლარია, ხოლო ფასის შემცირების თითოეული ეტაპი — 29 650 ლარი.
bm.ge