საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 ათასზე მეტით გაიზარდა.
„კრედიტინფოს“ ბოლო, 2025 წლის ივლისის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 366 184-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 359 082 პირი იყო.
ამასთან, ამავე სტატისტიკით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 958 842 ადამიანს აქვს, შესაბამისად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა 18.7% ვერ იხდის.
რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ საფინანსო სექტორის დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან 3 წლამდე) – 2.772 მლრდ ლარს შეადგენს, აქედან ბანკების – 1.204 მლრდ ლარია, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების – 1.533 მლრდ ლარი, სალიზინგოების – 34.679 მლნ ლარი.
ამასთან, “კრედიტინფოს“ სტატისტიკით, 30 დღიდან ვადაგადაცილება საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4%-ია.
საერთო ჯამში კი, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორს მთლიანად 69.833 მლრდ ლარის კრედიტი აქვს გაცემული. აქედან 65.370 მლრდ ლარის კომერციულ ბანკებს, 3.754 მლრდ ლარის – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტებს (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) და 25.428 მლნ ლარის – სალიზინგოებს.
