მთვარეზე გაიგზავნა პირველი კერძო დასაჯდომი მოდული

8 იანვარს ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან კოსმოსში გაუშვეს რაკეტა Vulcan Centaur-ი, რომელზეც იმყოფება მთვარეზე დასაჯდომი მოდული Peregrine-ი.
Peregrine-ი შექმნა კომპანია Astrobotic Technology-მ. დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე მოდულის წარმატებული დაჯდომის შემთხვევაში ის იქნება ისტორიაში პირველი დასაჯდომი მოდული, რომელიც კერძო კომპანიამ შექმნა.
გეგმის თანახმად, აპარატი მთვარეზე 23 თებერვალს უნდა დაჯდეს. დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლისა და ორ-ნახევარი მეტრის სიგანის მოდული მთვარეზე ჩაიტანს ტვირთს, რომელშიც შედის სამეცნიერო აღჭურვილობა NASA-სთვის, ქვა მთა ევერესტიდან, ასევე სერიალი Star Trek-ის („ვარსკვლავეთის მოგზაურობა“) შემქმნელის, ჯინ როდენბერისა და მწერალი ფანტასტის, არტურ კლარკის ფერფლი.
სამეცნიერო ტვირთის გარდა Peregrine-ს მთვარის ორბიტაზე მიაქვს ნივთები, რომლებსაც უფრო სიმბოლური და კულტურული ღირებულება აქვს. მათ შორისაა თხისა და არქტიკული ზღვის მერცხლის დნმ, ხელოვნების 33 მოღვაწის სისხლის ნიმუშები, ასობით გამოსახულება, ლექსი და მუსიკალური ნაწარმოები, რუკები, მდინარისა და ოკეანის წყალი. მთვარეზე გაიგზავნა ასევე მრგვალი ფირფიტა, რომელიც ბიტკოინს განასახიერებს.
პროექტის ოფიციალური სახელწოდებაა Peregrine Mission One, რომლის შესახებაც შეთანხმება 2017 წელს იქნა მიღწეული Astrobotic-სა და United Launch Alliance-ს შორის. ამის შემდეგ კოსმოსში გაშვების თარიღი არაერთხელ შეიცვალა. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს Astrobotic-ის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მოდული „მზად არის გაშვებისა და მთვარეზე დაჯდომისთვის“.
გეგმის მიხედვით, 23 თებერვალს დაჯდომის შემდეგ მოდული მთვარეზე მინიმუმ 192 საათს იმუშავებს.
NASA-მ ორ კერძო კომპანიას გამოუყო თანხა მთვარის მოდულების ასაგებად, რათა მათ შეისწავლონ მთვარის ის რაიონი, რომელზეც მოგვიანებით პილოტირებული მისიის გაგზავნა იგეგმება. Astrobotic Technology-მ Peregrine-ის ასაგებად 108 მილიონი დოლარი მიიღო.
გარდა ამისა, -ის მთავრობა, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებს პროექტს, იმედს ამყარებს მზიდ რაკეტა Vulcan-ზე, რომელმაც უნდა შეცვალოს მოძველებული რაკეტები Atlas V და Delta IV.
მოელიან, რომ Vulcan-ი გახდება ერთ-ერთი ძირითადი მძიმე რაკეტა, რომელსაც აშშ გამოიყენებს მზვერავი თანამგზავრების, კოსმოსური ჯარების აპარატების, კომერციული პროექტებისთვის.