4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არჩილ მუსელიანცს, პროევროპულ აქციებზე კამერის დაზიანებისთვის დაკავებულს

პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თბილისში სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი არევაძემ. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 22 აგვისტოს, გამოცხადდა.
29 წლის არჩილ მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გასული წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლატორიდან იზოლატორში ეძებდა და როცა საბოლოოდ დიღმის მესამე სამმართველოში მიაკვლია, უკვე სისხლის სამართლის წესით დაკავებული დახვდა.
არჩილ მუსელიანცს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ბრალი, პარლამენტის შენობის წინ, ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანებისა და მისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის.
საქმეში მთავარი მტკიცებულება მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეომასალაა, რომელიც Postv-მ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უკიდებს სახედაფარული მოქალაქე ცეცხლს კაბელებს.
მუსელიანცი საპროცესო შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.