გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს მისი ნაცნობები, რომლებიც „შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში“, საკანში მასთან ერთად მოათავსონ და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა.
„ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. “მწვანე საზღვრის” მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი“, — ასე ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილი პენიტენციური სამსახურს.
უწყება მიანიშნებს, რომ საკანში ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და თავად მსჯავრდებული შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ პროკურატურამ შეუწყვიტა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან და ადვოკატებთან, შემდეგ ადგილი ჰქონდა ციხის დირექტორისგან გაჟღერებულ ცნობილ მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ საკანში შეუყვანეს მსჯავრდებული, რომელიც შემსვლისთანავე თავს დაესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
„ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია. მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროვებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით“, — აცხადებს ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება „ნეტგაზეთს“ მისმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გია ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.
გამოძიების ვერსიით, „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში მისთვის უცნობმა პირმა სცემა.
წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.
ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.
