პოლონეთში ჩასულ ქართველებს გამარტივებული დასაქმების წესი აღარ შეეხებათ

პოლონეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს გამარტივებული დასაქმების წესი აღარ შეეხებათ და მათ სამუშაო ნებართვის აღება დასჭირდებათ,- ამის შესახებ პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილების პროექტშია საუბარი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმება, მათ შორის მოკლევადიანი, მოითხოვს სამუშაო ნებართვის მიღების სრული პროცედურის გავლას.

პროექტის განმარტებით მემორანდუმში მითითებულია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების საფუძველი, სხვა საკითხებთან ერთად, არის საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვებზე მუშაობის გაგრძელება და გაცემული დეკლარაციებისა და სეზონური სამუშაო ნებართვების რაოდენობის შემცირება 2024 წელთან შედარებით. ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლა 2025 წლის სექტემბერ-ოქტომბერშია დაგეგმილი.