NYT რაზმაძესთან ინტერვიუზე: მის სიტყვებს დეტალურად ვციტირებთ

The New York Times-მა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ბრალდებებს პასუხი „ფორმულას“ გაუგზავნა და აღნიშნა, რომ მათი ჟურნალისტი რაზმაძის სიტყვებს „ზუსტად და დეტალურად“ ციტირებს. გამოცემის შეფასებით, რაზმაძის მხრიდან ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა მიზანმიმართული ზეწოლაა დამოუკიდებელ მედიაზე.
„ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება,“ – წერია NYT-ის განცხადებაში.
მანამდე რაზმაძემ TV პირველთან ინტერვიუში უარყო NYT-ის მიერ გავრცელებული ციტატები, რომლის მიხედვითაც მან ქართველ ჯარისკაცებს „სააკაშვილის ხულიგნები“ უწოდა. „ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე… მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს. სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს,“ – აღნიშნა რაზმაძემ.
მისივე თქმით, ინტერვიუში არ უარუყვია ევროკავშირთან ინტეგრაცია და „ოცნება“ ყოველთვის პროევროპული იყო. რაზმაძე NYT-ის ჟურნალისტს „მოგზავნილად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
NYT-ის სტატიაში კი წერია, რომ რაზმაძემ 2008 წლის ომთან დაკავშირებით თქვა: „ისინი [რუსები] აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს… რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის [ხულიგნები] რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ.“