მოკლედ
· გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვენ მისი კომენტარის გამო ამერიკულ გაზეთთან, სადაც ის რუს ჯარისკაცებს მშვიდობისმყოფელებად იხსენიებს, ქართველ სამხედროებს კი “სააკაშვილის ხულიგნებად.”
· რაზმაძე ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად დაბეჭდა გამოცემამ;
· რადიო თავისუფლებას “ნიუ-იორკ ტაიმსიდან” უთხრეს, რომ რაზმაძის ციტატა არის ზუსტი ფრაგმენტი იმ 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც გორის საკრებულოს შენობაში შედგა.
ამერიკული გამოცემა ამბობს, რომ ქართველი ჩინოვნიკის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მისი სიტყვები ჟურნალისტმა დაამახინჯა, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაა სიმართლიდან ყურადღების გადასატანად.
რადიო თავისუფლებამ The New York Times-ის რედაქციას სთხოვა კომენტარი გორის საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებებზე და აუდიოჩანაწერის გაზიარება, მისი არსებობის შემთხვევაში.
გამოცემიდან მოგვწერეს, რომ მათი სტანდარტით, გამოუქვეყნებელ მასალას, მათ შორის, ჩანაწერების სრულ ვერსიას, შენიშვნებს და კომენტარებს, რაც სტატიებში არ ხვდება, არ ასაჯაროებენ, თუმცა ფრაგმენტი ინტერვიუდან, რომელიც 20 აგვისტოს საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში მოხვდა, არის ზუსტი ციტატა ქართველი ჩინოვნიკის ინტერვიუდან.
“ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც The New York Times-თან გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება”, – ეს არის ამერიკული გამოცემის პასუხი გორის საკრებულოს თავმჯდომარის ვერსიაზე იმის შესახებ, რომ მისი სიტყვები ჟურნალისტმა დაამახინჯა.
რა არის სადაო ციტატა?
„ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ, და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან მიშას [სააკაშვილი] ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, ისინი კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“… – სტატიის მიხედვით, ეს სიტყვები გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით თქვა.
რა უთხრა რადიო თავისუფლებას რაზმაძემ?
“აბსოლუტურად ცილისწამებაა. როგორ აღმოჩნდა ის კაცი, არ ვიცი. ალბათ, „მოგზავნილი“ [იყო ეს ჟურნალისტი] იმიტომ, რომ ვერცერთ ინტერვიუში ვერ ნახავთ, რომ რუსეთზე დადებითი მეთქვა. საბჭოთა დროიდან მიუღებელი იყო რუსი და მისი ჩექმა. ის ოკუპანტია და უსაშინელესი ლიდერი ჰყავს. ეს არის სამყაროს საშინელება”, – უთხრა რადიო თავისუფლებას რაზმაძემ 21 აგვისტოს.
მისივე მონათხრობით, ინტერვიუ, “თებერვალში ან მარტში“ მისცა; შუადღისას დაურეკეს შესათანხმებლად და ორ საათში შეხვდა ჟურნალისტს, უთხრეს, რომ ინტერვიუ 2008 წლის ომზე იქნებოდა.
