„მეტრო ისეთ ოხერი რამეა, ყველგან შეიძლება მისი გაყვანა“

„მეტრო ისეთ ოხერი რამეა, ყველგან შეიძლება მისი გაყვანა“,- ამის შესახებ არქიტექტორ-ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, უდიდესი დანაშაულია, როდესაც მეტროს სადგურების მეორე ამოსასვლელები დღემდე გაუქმებულია. როგორც ლადო ვარდოსანიძე ამბობს, მართალია, ეს საცობების პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს, თუმცა უამისობაც არ შეიძლება.
ამასთან, ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ მეტროს ხაზების დამატება გეოგრაფიულად ყველგან შესაძლებელია, აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა.
„ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იმ ქალაქებში, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს მეტროს ხაზების მშენებლობა, საცობების პრობლემა ბოლომდე მოხსნილია. თუმცა, სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, მეტროს მშენებლობით, სწორი მენეჯმენტით, ადმინისტრირებით, სისტემური ხედვით, ეს შესაძლებელია. ჩვენ მიჩვეულები ვართ ასეთ ფორმულას – „აქ და ახლა“, ეს ფორმულა ქალაქში არ მუშაობს. თვითონ ქალაქია პროცესი, ის მოვლენები კი არა, რაც ქალაქში მიმდინარეობს. ყოველდღიური მუშაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობაა საჭირო. მთავარი სუბიექტი არის მოქალაქე, ის არის დამკვეთი, უკუკავშირი კი ხელისუფლების მხრიდან წამოსული კომუნიკაციაა. ესეც უნდა გავითავისოთ, მაგრამ ამას სჭირდება ურბანული, ქალაქური კულტურა, რის მქონენი, სამწუხაროდ, არ ვართ. თუმცა, ახლა ვსწავლობთ ამ ყველაფერს, ახალგაზრდა თაობა უკვე ასე მსჯელობა და ძალიან მჯერა უკეთესობის, მე ოპტიმისტი ვარ.
რაც შეეხება ადგილებს, თუ სად შეიძლება ახალი ხაზების გაყვანა, მოდით, ასე გეტყვით, მეტრო ისეთი ოხერი რამეა, ყველგან შეიძლება მისი გაყვანა, იმიტომ, რომ მიწის ქვეშ გადის. მდინარის გადაკვეთა, მთაში შესვლა, ყველაფერი შესაძლებელია, ადგილის პრობლემა არ არსებობს, ეს უბრალოდ პოლიტიკური ნების ამბავია.
ამასთანავე, არ შემიძლია არ ვთქვა, უდიდესი დანაშაულია ჩადენილი თბილისის მეტროს მიმართ. მაგალითად, ამოქოლილი და ამოვსებულია ზაარბრიუკენის მოედანზე თავის დროზე დაგეგმილი მეტრო; მეორე ამოსასვლელი რუსთველის მეტროდან – „ბილტმორის“ სასტუმროსკენ, „თავისუფლების მეტროს“ მეორე ამოსასვლელი კოლმეურნეობის მოედნის მხარეს; წარმოიდგინეთ, ესე კი დავკარგეთ…
მართალია, ეს არ გადაწყვეტს თბილისის პრობლემას, მაგრამ უამისობაც არ შეიძლება. ქალაქს სჭირდება ძერწვა და არა მსხვილი ობიექტების ჩასხმა (თუმცა ხანდახან საჭიროა). ქალაქი უნდა იძერწებოდეს პროფესიონალი ურბანისტების მიერ“,- ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი