პენიტენციური ბაჩიაშვილის ცემაზე: საფუძვლიანი ეჭვია, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც“, – წერია განცხადებაში.
ამავე განცხადებით ირკვევა, რომ იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, თანამდებობა დატოვეს გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ გ. ქემოკლიძემ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატ დავით ჯანდიერს. ამ განცხადების შემდეგ ის ბრალდებულთან აპირებს შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის გააკეთებს კომენტარს.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. მალევე მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი, რომელშიც პატიმარი წერდა, რომ 11 ივლისს საკანში ფიზიკურად გაუსწორდა მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის დაიბარა მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და ურჩია სთვის გაესხნა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები.
გიორგი ბაჩიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს მერვე დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში. ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს” და მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბაჩიაშვილის ნაამბობი კი განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისაგან: „შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე ხვედელიძე: აი, იმ წამსვე, როგორც კი დასავლეთი რეგიონიდან გავა (პრორუსულ ორბიტაზე უკვე ვართ), საქართველო ხდება ყველა მეზობლის ბუნებრივი მტერი და მეზობლები მოგვეპყრობიან როგორც მტრებს