პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ

ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ – ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს მეტრეველის ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც,- ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია აღნიშნული.
უწყების განცხადებით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.
„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.