სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალური არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებას აქვეყნებს.
ISFED-ის შეფასებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
ანგარიშის თანახმად, საქართველო მუნიციპალურ არჩევნებს პოლიტიკური კრიზისის, დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის ფონზე ხვდება. ამ პოლიტიკურმა კონტექსტმა მნიშვნელოვნად დააზიანა დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განსახორციელებლად აუცილებელი ძირითადი უფლებების პატივისცემის პირობა.
„საქართველო დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევის გამო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას. აშშ-მა, ევროკავშირმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს. ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და გრანტების გაცემასთან დაკავშირებული შეზღუდვები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის თავისუფლების ჩახშობის მძლავრ ბერკეტებად იქცა. ამ კონტექსტში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კონკურენტული და ლეგიტიმური პროცესის ნაცვლად, სერიოზული პოლიტიკური კრიზისისა და შედეგების არაღიარების რისკის ქვეშ წარიმართება“.
ISFED-ის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა საარჩევნო სისტემის განზომილებები, გამკაცრდა პარტიების აკრძალვის მექანიზმი და შეიზღუდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა.
„აღნიშნული ცვლილებები ამცირებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და კიდევ უფრო აზიანებს არჩევნების ინსტიტუტისადმი საზოგადოებრივ ნდობას“, — ნათქვამია ანგარიშში.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინ, ძირითადად კენჭისყრის დღემდე ერთ წელზე ნაკლები ხნით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა, რამაც, ორგანიზაციის შეფასებით, მანიპულაციის სახე მიიღო.
„არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველა ცვლილების მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო, რითაც ძირეულად დაირღვა ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განხორციელებისათვის. „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად, გაუქმდა 40%-იანი ბარიერი საკრებულოს არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტში; მკვეთრად გაიზარდა მაჟორიტარული ადგილების წილი მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში; შემცირდა მრავალმანდატიანი ოლქის ზომა; პროპორციულ კომპონენტში, ასევე, გაიზარდა სამართლებრივი საარჩევნო ბარიერი და მოდიფიცირდა საარჩევნო ფორმულა უკეთესი შედეგის მქონე პარტიის სასარგებლოდ. საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით, არჩევნების წელს ახალი ერთმანდატიანი ოლქების შექმნამ დამატებით გამოიწვია ხმების თანაბარწონადობის პრინციპის დარღვევაც. ამ უფლების განხორციელება კი ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობისაა კენჭისყრის თანასწორობის ფუძემდებლური პრინციპის რეალიზებისთვის“, — ნათქვამია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნები“ საუბრობს დისბალანსზე საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც არჩევნების მაორგანიზებელი ორგანოს მიმართ ნდობას ამცირებს.
ასევე საეჭვოდ აფასებს იმ ცვლილებების ეფექტიანობას, რომელიც კენჭისყრის ფარულობის დარღვევის სისტემური პრობლემის (ბიულეტენზე მარკერის ხილული კვალი) საპასუხოდ განხორციელდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ISFED ხაზს უსვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ოპოზიციის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შედეგადაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სამი ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან, ხოლო მეოთხის თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. მთავარი ოპოზიციური ძალების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ.
ISFED აღნიშნავს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლება მკვეთრად გაუარესებას, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნას, რაც მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკის მაგალითად არის შეფასებული.
„გაძლიერდა ხელისუფლების გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პარალელურად, „ქართული ოცნების“ მედია ეკოსისტემა და ანონიმური გვერდები და ანგარიშები სოციალური მედიის პლატფორმებზე აქტიურად ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას და აწარმოებენ დისკრედიტაციის კამპანიებს, რომლებიც ხშირად რუსულ ნარატივებს ეხმიანება“, — ნათქვამია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნები“ შენიშნავს, რომ არჩევნებზე ობიექტური, უპარტიო საერთაშორისო და ადგილობრივი დაკვირვების შესაძლებლობა მკვეთრად შეიზღუდა. უკანასკნელი ორი ათწლეულის პრაქტიკის დარღვევით, ხელისუფლებამ არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეზღუდა დამკვირვებელთა უფლებები, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა გააძლიერა.
„სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ ამოქმედებულმა მასტიგმატიზებელმა კანონებმა და უცხოური გრანტების შეზღუდვამ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. შედეგად, დაკვირვების მექანიზმი, რომელიც არჩევნების გამჭვირვალობის გარანტი უნდა ყოფილიყო, თავად იქცა ხელისუფლების კონტროლისა და ზეწოლის სამიზნედ, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დემოკრატიული არჩევნების განსახორციელებლად საჭირო პროცედურული გარანტიები“, — ნათქვამია ანგარიშში.
