კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების “ადვოკატი”. თუ ჩემი თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, რა თქმა უნდა, ვუჩივლებ – ნაძირალა კაცი, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო, – ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძემ განაცხადა, რითაც მის მიერ The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება გააკეთა.
მისივე თქმით, მას რუსეთზე დადებითი არასდროს არაფერი უთქვამს.
„ეს არის ცილისწამება. მე რუსეთზე დადებითი არაფერი მითქვამს. იმ მომენტში რაც არის აღნიშნული სააკაშვილის ხულიგნები არანაირი მსგავსი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი. ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, რა თქმა უნდა, ვუჩივლებ“, – აღნიშნავს დავით რაზმაძე „ტვ პირველთან“.
ამასთან, კითხვაზე, მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია თუ არა, რაზმაძე აღნიშნავს: „მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, „ქართული ოცნება“ როდისმე აფიქსირებს რომ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართ?! ნაძირალა კაცი, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო“.
ასევე, დამაზუსტებელ კითხვაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს თუ არა ომის დაწყებაში, რაზმაძე აღნიშნავს, რომ ის სააკაშვილს „ხელშეწყობაში ადანაშაულებს“.
„სააკაშვილს როგორ დავადანაშაულებ, რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებ. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიების ანექსიას“, – განაცხადა რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით – “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.
