“აქ წყდება 11 ოჯახის ბედი, მათ შორის ხანშიშესული დედის” – რა თქვა ტერიშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში

მოკლედ
· ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა.
· 20 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა, პროკურორის გარდა, თქვა ირაკლი ჩომახაშვილმაც, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა.
· ტერიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მოკლე ვიდეოჩანაწერები აქვს, რომლებშიც არ ჩანს, რა საგანს ისვრის ის და ვის აზიანებს ამ საგნით, მით უმეტეს არ ჩანს ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები, დავალების მიღება, სხვა დემონსტრანტებთან კოორდინაცია, შეთანხმებული მოქმედება.
ჩომახაშვილმა ამ საქმეს პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა უწოდა და მოსამართლეს უთხრა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებაა.
“ეს არის პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა, რომ სამომავლოდ არავის გაუჩნდეს სურვილი, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვას რუსული გავლენისგან… როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობის პრინციპზე და პოლიციაზე, შეხედეთ მათ, რომლებიც აქ მოდიან და ამბობენ, არაფერი დაგვინახავსო, გადაახვიეთ და ნახეთ, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ მოქალაქეებს…

ისინი, ვინც ძალადობენ მოქალაქეებზე, პოლიციელები არ არიან, ისინი არიან ამორალური ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას, იმსახურებენ ციხეში ყოფნას. აქ კი თქვენ გელოდებათ 11 უდანაშაულო ადამიანი…

როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც ზის პოლიციელი, რომელიც აზიანებდა მოქალაქეებს, შეიძლება თქვენს მეგობრებსაც, მინახავს სასამართლოს თანამშრომლები იქ, აქციაზე და თუ ამ ადამიანებს გაამტყუნებთ, ეს ნიშნავს იმ ძალადობის გამართლებას, რაც ქუჩაში ხდებოდა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით”, – ასე დაასრულა ჩომახაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა და მოსამართლეს შეახენა, რომ საქმეზე ის წყვეტს 11 ოჯახის, მათ შორის ტერიშვილის ხანშიშესული დედის ბედს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – ალეკო ელისაშვილის ქმედება არის ერთი ადამიანის საქციელი და მცდელობა, მთლიანად ოპოზიციას გაუტეხონ სახელი, ვერ იქნება წარმატებული – სამარცხვინოა, რომ „ოცნება“ ცდილობს ევროპელებს დაუკავშირონ ის, რაც აქ მოხდა

ალეკო ელისაშვილი – არც ადვოკატთან დამარეკინეს და არც სახალხო დამცველთან, 4 საათი ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილებით ვიყავი, მაჯიდან სისხლი მდიოდა – დაზიანებებიც ჩამიცხრა და აღარ ჩანს, ასე არ არის, როგორც გამოვიყურები