„ვალენსია“ მზადაა, გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა „უოტფორდი“ გაცილებით მეტს ითხოვს – Watfordobserver

„ესპანური „ვალენსია“ მზადაა, გიორგი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ „უოტფორდს“ 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბს ქართველი მოთამაშის გაშვება არ სურს და თუკი ამას დათანხმდება, გაცილებით მეტის სანაცვლოდ“, – ამის შესახებ გამოცემა Watfordobserver-ი წერს.
„უოტფორდს“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ გიორგი ჩაკვეტაძე შეინარჩუნოს და ლა ლიგის კლუბის, „ვალენსიის“ ინტერესს წინ აღუდგეს. მთავარი მწვრთნელის, პაულო პეცოლანოს დანიშვნას რვა ტრანსფერი მოჰყვა, რადგან კლუბის მენეჯმენტი პრემიერლიგაში დაბრუნებას ცდილობს.
იმისათვის, რომ „უოტფორდმა“ მიმდინარე სეზონში დასახულ მიზნებს მიაღწიოს, აუცილებელია ჩაკვეტაძის შენარჩუნება. ქართველი ნახევარმცველი ამჟამად ფეხის ტრავმის გამო ვერ თამაშობს და, სავარაუდოდ, სექტემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება მოედანს. ქართველი ჩემპიონშიფის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო და არაერთი სტატისტიკური კომპონენტის ლიდერიც გახლდათ.
მიუხედავად „უოტფორდის“ ცუდი შედეგებისა გასულ სეზონში, ქართველმა ევროპის წამყვანი ლიგების კლუბები დააინტერესა, რომელთა შორისაცაა „ვალენსია“. მედიის ცნობით, ესპანურმა კლუბმა ჩაკვეტაძესთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და „უოტფორდთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თუმცა, ინგლისური კლუბი არ გეგმავს 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვას სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე, თუ მნიშვნელოვანი შეთავაზება არ იქნება. ცნობილია, რომ „ვალენსია“ მზადაა, ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერისთვის 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ „უოტფორდი“ გაცილებით მეტს ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვალენსიის“ მთავარი მწვრთნელი კარლოს კორბერანი ჩაკვეტაძის თამაშს „ვესტ ბრომვიჩთან“ პირადად დააკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა კრისტიან მოსკერა – „არსენალში“, ხოლო იარეკ გასიოროვსკი „ეინდჰოვენში“ გაყიდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ვალენსიამ“ სატრანსფერო ბიუჯეტი გაზარდოს“, – წერს Watfordobserver-ი.
წყარო: პირველი არხი