19-20 აგვისტოს ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინის სუმისა და ოდესის ოლქებზე მიიტანეს იერიში.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, რუსეთის არმიამ სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე მასშტაბური იერიში მიიტანა დრონებით, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი, კომუნალური შენობა და ავტოფარეხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
რუსეთის ჯარებმა წუხელ ოდესის ოლქზეც მიიტანეს იერიში. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
მასშტაბური დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტზე. მის ჩაქრობაში მონაწილეობა მიიღო 54-მა ადამიანმა და 16-მა ერთეულმა ტექნიკამ, ასევე ჩართული იყო სააქციო საზოგადოება „უკრზალიზნიცის“ სახანძრო მატარებელი.
სამსახურს არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა, განაცხადა, რომ იზმაილში დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საწარმოო სათავსოები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა წუხანდელ მოვლენებზე და თქვა.
„ყოველივე ეს არის ძალის დემონსტრირება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ აუცილებელია მოსკოვზე ზეწოლა, აუცილებელია ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესება, სანამ დიპლომატია სრული ძალით ამუშავდება,“ თქვა მან.
ფორუმი
