აგვისტოში დატვირთვა 60%-ს აღწევს – “გლემპინგი დაფენილი”

საირმის ხეობის სიახლოვეს წლის დასაწყისში გახსნილი ტურისტული ობიექტი – „გლემპინგი დაფენილი“ აგვისტოში 60%-მდე დატვირთვით ფუნქციონირებს. ამის შესახებ BM.GE-ს ობიექტის დამფუძნებელმა, გიორგი ჩაჩუამ განუცხადა.
მისი თქმით, გლემპინგი, რომელიც ერთდროულად 5 ადამიანის განთავსებას უზრუნველყოფს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და „ჭკვიანი სახლის“ პრინციპებზე მუშაობს. „ტურისტულ ობიექტს გააჩნია „სმარტ“ სისტემები, მათ შორის ავტომატური კარისა და განათების მექანიზმები,“ – აღნიშნა ჩაჩუამ.
მისივე ინფორმაციით, გლემპინგის სივრცე სრულად არის მოწყობილი მინი სამზარეულოთი, აბაზანით, ჰამაკებითა და მოსასვენებელი ზონებით. კვების სერვისი უშუალოდ ობიექტზე არ მოქმედებს, თუმცა დამფუძნებლის თქმით, მათ ადგილობრივ რესტორნებთან აქვთ კონტრაქტი, რის მეშვეობითაც სტუმრებს დამატებითი მომსახურების მიღება შეუძლიათ.
“განთავსების ღირებულება დღეების რაოდენობასა და სტუმრების რაოდენობაზეა დამოკიდებული და საშუალოდ 250-300 ლარის ფარგლებში მერყეობს. ობიექტი წარმოდგენილია სხვადასხვა დაჯავშნის პლატფორმაზეც, როგორიცაა Airbnb და სხვები.
ბაზარზე ახალი მოთამაშეები ვართ და ახლა გვსწავლობს ბაზარი, თუმცა აგვისტოში დატვირთვა 60%-ს აღწევს, რაც ჩვენს მოლოდინს აჭარბებს. გვსტუმრობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლები ევროპიდან, ასევე სლავური წარმოშობის ტურისტები“, – ამბობს გიორგი ჩაჩუა.
ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ერთი გლემპინგის მოწყობას სრული აღჭურვილობით დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია დასჭირდა. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ხარჯი ნაკლებიც შეიძლება იყოს. შესაბამისად, მომდევნო ორ წელიწადში კიდევ სამი გლემპინგის დამატება იგეგმება: „ამ ეტაპზე, ახალი ობიექტების დასამატებლად, საჭირო ინვესტიციების მოზიდვის პროცესში ვართ,“ – დასძინა ობიექტის დამფუძნებელმა.