დონალდ ტრამპი გამორიცხავს აშშ-ის ჯარების გაგზავნას უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, თუ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.
მისი თქმით, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი იმათ შორის არიან, რომელთაც „სურთ“ სამხედროების ადგილზე გაგზავნა.
„უკრაინაში კონფლიქტი მათთან უფრო ახლოსაა. ჩვენ ოკეანე გვყოფს. ამიტომ მათთვის ეს სხვა ტიპის საკითხია. როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ისინი მზად არიან, ხალხი ადგილზე გაგზავნონ“, — განაცხადა ტრამპმა „ფოქსნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ მზადაა, დაეხმაროს უსაფრთხოების ასპექტებში, მაგალითად, საჰაერო მხარდაჭერის გზით. ამავდროულად უარყო უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოში გაწევრიანების გზით.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზოგიერთ ევროპელი ლიდერს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიმართ ისეთივე გადაუდებელი აუცილებლობის გრძნობა არ აქვს, როგორც მას.
კერძოდ, მისი თქმით, თეთრ სახლში ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა, რომელიც არ დაასახელა, რეკომენდაცია გაუწია შეხვედრის ხელახლა ჩატარებას „კიდევ ერთი ან ორი თვის შემდეგ“.
„ერთ-ერთმა ჯენტლმენმა, რომელიც შესანიშნავი ადამიანია, — იმედი მაქვს, შეურაცხყოფა არ მივაყენე — თქვა: „კარგი, კიდევ ერთ ან ორ თვეში შევხვდეთ და ვნახოთ. მე ვუთხარი: „ერთ ან ორ თვეში? ერთ ან ორ თვეში კიდევ 40 000 ადამიანი დაიღუპება“, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს ჰკითხეს, განიხილა თუ არა პოტენციური „მიწების გაცვლის“ შეთანხმებები, რაზეც უპასუხა, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე გადარჩება, ასევე, „ისინი ბევრ მიწას მიიღებენ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით ევროპელი ლიდერების თანდასწრებით არ უსაუბრია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. ისაუბრა „სითბოზე“, რომელიც მასსა და პუტინს შორის არსებობს და თქვა, რომ ზელენსკი „მოქნილი“ უნდა იყოს რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებებში.
მისი თქმით, ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები ზელენსკისა და პუტინის გადასაწყვეტია.
„ახლა ისინი დონბასზე საუბრობენ, მაგრამ, როგორც იცით, დონბასის 79% რუსეთის მიერ არის კონტროლირებადი. მათ ესმით, რას ნიშნავს ეს“, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო.
„არ უნდა დაუპირისპირდე ერს, რომელიც 10-ჯერ დიდია“, – ირიბად თითქოს უკრაინა დაადანაშაულა ტრამპმა მაშინ, როცა უკრაინას რუსეთი დაესხა თავს.
